„ბარსელონამ“ გრიზმანის საქმეზე „ატლეტიკოს“ 15 მილიონი გადაუხადა
„ბარსელონამ“ გრიზმანის საქმეზე „ატლეტიკოს“ 15 მილიონი გადაუხადა

„ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“ კატალონიურ კლუბში ფრანგი ანტუან გრიზმანის ტრანსფერის საქმეზე არაფორმალურ შეთანხმებას მიაღწიეს.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ მადრიდელებს კომპენსაციის სახით 15 მილიონი ევრო გადაუხადა იმ დარღვევისთვის, რომელიც ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას უკავშირებოდა.

„ატლეტიკო“ კატალონურ გრანდს ედავებოდა, რომ ამ უკანასკნელმა მაშინ მოილაპარაკა გრიზმანთან, როცა ფრანგს „ატლეტიკოსთან“ ჯერ კიდევ მოქმედი კონტრაქტის ჰქონდა. იმ მომენტში, ანტუან გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონს შეადგენდა, მაგრამ ზაფხულში ამ თანხამ მოიკლო და „ბარსელონამ“ 120 მილიონი გადაიხადა.

თუმცა, „ბარსელონა“ ამ 15 მილიონის გადახდას გრიზმანის საქმეს არ უკავშირებს: კლუბში ირწმუნებიან, რომ ამ თანხად მათ პრიორიტეტული უფლება მიიღეს „ატლეტიკოს“ ხუთ ფეხბურთელზე.

2019-20 წლების სეზონში 28 წლის გრიზმანმა რვა მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.