„ბარსელონამ“ ერნესტო ვალვერდე დაითხოვა
„ბარსელონამ“ ერნესტო ვალვერდე დაითხოვა

ესპანეთის ჩემპიონმა „ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდესთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

„კლუბი საჯაროდ უხდის მადლობას ერნესტო ვალვერდეს პროფესიონალიზმისთვის, მიზანმიმართულობისთვის, საქმისადმი ერთგულებისთვის და ყოველთვის პოზიტიური და ყურადღებიანი დამოკიდებულებისთვის, რასაც მუდმივად იჩენდა „ბარსელონაში“ ყველას მიმართ. ვუსურვებთ მას წარმატებას მომავალში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ვალვერდემ „ბარსელონა“ 2017 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კლუბი ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ასევე თითოჯერ ესპანეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი. ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა“ 1/4 და 1/2 ფინალების სტადიაზე გამოვარდა – წააგო შესაბამისად „რომასთან“ (4:1, 0:3) და „ლივერპულთან“ (3:0, 0:4).

მისი ხელმძღვანლობით 163 ოფიციალურ მატჩში „ბარსელონამ“ 108 მოიგო (66 პროცენტი), 35 ფრედ (22%) დაასრულა და 20 წააგო (12%).

„ბარსელონა“ 19 ტურის შემდეგ 40 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია.