„ბარსელონამ“ დეპაი შესაძლოა, იანვარში შეიძინოს
„ბარსელონამ“ დეპაი შესაძლოა, იანვარში შეიძინოს

კატალონიის „ბარსელონაში“ რონალდ კუმანის დანიშვნის შემდგომ, ნიდერლანდელი სპეციალისტი აქტიურად ცდილობს გუნდში მემფის დეპაის გადაბირებას.

26 წლის ფეხბურთელს „ლიონში“ სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და L’Equipe-ს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა შესაძლოა, ნიდერლანდელი ფეხბურთელი 4.5 მილიონ ევროდ შეიძინოს.

„მანჩესტერის“ ყოფილი ფეხბურთელის ღირებულება, რომელმაც ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 15 თამაშში 7 გოლის გატანა მოახერხა, ზაფხულში 40 მილიონ ევროს შეადგენდა. „ბარსელონასთვისდეპაის ღირებულების შემცირება საკმაოდ კარგი ინფორმაციაა, რადგან კორონავირუსის გამო გამოწვეული ფინანსური კრიზისის შემდგომ, გუნდი ვერ ახერხებდა ნიდერლანდელი ფეხბურთელის დამატებას.

რონალდ კუმანი არც მალავს იმ ფაქტს, რომ დეპაი მისი მთავარი სამიზნეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა „ბარსელონას“ ლეგენდას ლიონელ მესის გუნდიდან წასვლა სურს და დიდი ალბათობით, კატალონიელებს მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 2:2 ითამაშა. 13 თამაშში 21 ქულით მეხუთე ადგილზე არიან და ლიდერ „ატლეტიკოს“ 8 ქულით ჩამორჩებიან, რომელსაც ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.

მიუხედავად ამისა, კუმანი იმედს არ კარგავს:

„წინ კიდევ ბევრი ქულაა. ძალიან რთული სეზონია. ორ თვეში შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქულებში სხვაობა შევამციროთ“, – განაცხადა კუმანმა პრესკონფერენციაზე.

„ბარსელონა“ შემდეგ შეხვედრას, 22 დეკემბერს, „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართავს.