„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას მთავარ მწვრთნელთან ჰანს-დიტერ ფლიკთან ზაფხულში ხელშეკრულების გაგრძელება სურს. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Sport.es-მა.
გერმანელი სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
წყაროს ცნობით, „ბარსელონაში“ არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად ფლიკის კონტრაქტის გაგრძელების საკითხი სეზონის მსვლელობისას განიხილებოდეს. კლუბში მეტად აფასებენ იმ სამუშაოს, რომელსაც 59 წლის სპეციალისტი ასრულებს. „ბარსელონაში“ სურთ, რომ ფლიკმა მომდევნო სეზონისთვის მზადება უკვე გაგრძელებული კონტრაქტით დაიწყოს.
რამდენიმე დღის წინ, ფლიკმა პირველი ტიტული მოიგო „ბარსელონას“ მწვრთნელის რანგში, როცა ესპანეთის სუპერთასის ფინალში „რეალი“ 5:2 დაამარცხა.