ბარსელონა სუარესის შემცვლელს ეძებს
ბარსელონა სუარესის შემცვლელს ეძებს

საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ ურუგვაელი ფორვარდის, ლუის სუარესის შემცვლელს ეძებს და, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამ ფეხბურთელს აკვირდება. ესენი არიან პოლონელი კშიშტოფ პიატეკი („ჯენოა“), კოტ დივუარელი ნიკოლას პეპე („ლილი“) და სერბი ლუკა იოვიჩი („აინტრახტი“).

სუარესი „კამპ ნოუზე“ ჯერ კიდევ საკვანძო ფიგურად რჩება, თუმცა წელს მას 32 წელი უსრულდება და კატალონიური გრანდი აცნობიერებს, რომ მომავალზე ფიქრის დაწყება აქედანვეა საჭირო.

ძირითად გუნდში „ბარსას“ კიდევ ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი, მაროკოული წარმოშობის ესპანელი, მუნირ ელ ჰადადი ჰყავს, თუმცა მას ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და კლუბი, როგორც ჩანს, შეთანხმების გაგრძელებას არ აპირებს.

კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, პაკო ალკასერმა, რომელიც „ბარსელონაში“ ირიცხება, მაგრამ დორტმუნდის „ბორუსიაშია“ იჯარით გაშვებული, გერმანელებს თავი ძალიან მოაწონა და დორტმუნდელები მის შეძენას გეგმავენ.