„ბარსელონა“ სეზონის სტარტზე „რეალის“ მიმართ მსაჯების კეთილგანწყობას აფიქსირებს - კატალონელებმა მადრიდელთა სასარგებლოდ მსაჯების ოთხი შეცდომა იპოვნეს #1TVSPORT
„ბარსელონაში“ მიაჩნიათ, რომ ლა ლიგის ახალი სეზონის სტარტზე მსაჯები ზედმეტად კეთილგანწყობილნი არიან მადრიდის „რეალის“ მიმართ.
როგორც გაზეთი AS-ი წერს, კატალონურმა კლუბმა მსაჯების გადაწყვეტილებების სრული ანალიზი ჩაატარა, რომლებმაც, მათი აზრით, სეზონის სტარტზე სარგებლობა მოუტანა „რეალს“ და ავნო „ბარსელონას“.
კატალონელთა აზრით, ლა ლიგის ოთხი ტურის განმავლობაში მსაჯებმა ოთხი მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს „რეალის“ სასარგებლოდ და სამი – „ბარსელონას“ საზიანოდ.
„ბარსელონას“ მიერ შედგენილი სრული სია ასე გამოიყურება:
I ტური: პენალტი „ბილბაოს“ სასარგებლოდ, რომელიც მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ არ დანიშნა „რეალის“ კარში ედერ მილიტაოს მონაწილეობით ეპიზოდის შემდეგ; არბიტრ სესარ სოტო გრადოს მიერ „ბარსელონას“ სასარგებლოდ არდანიშნული პენალტი გავის ეპიზოდში;
II ტური: ჯუდ ბელინგემის მიერ ხელით თამაში 1:1-ზე „რეალისა“ და „ალმერიას“ მატჩში (მსაჯი – ხოსე მარია სანჩეს მარტინესი); ორი არდანიშნული პენალტი „ბარსელონას“ სასარგებლოდ (ერთი ლამინ იამალზე, მეორე – რობერტ ლევანდოვსკიზე) „კადისთან“ მატჩში (მსაჯი – ალეხანდრი მუნის რუისი);
III ტური: „სელტას“ გაუქმებული გოლი „რეალის“ კარში კეპა არისაბალაგაზე ჯარიმის გამო (მსაჯი – ისიდრო დიას დე მერა); თამაშგარე ალექსანდერ სორლოტის გოლისას „ვილიარეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩში (მსაჯი – ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი);
IV ტური: ხოსელუს გოლი თამაშგარეს შემდეგ „რეალისა“ და „ხეტაფეს“ მატჩში (მსაჯი – მარიო მელერო ლოპესი).
„ბარსელონას“ შეშფოთება ღრმავდება იმით, რომ VAR თითოეულ ამ ეპიზოდში ჩაერია და დაეთანხმა მსაჯების მიღებულ გადაწყვეტილებებს.