„ბარსელონა“ ესპანეთის სუპერთასის ფინალშია
„ბარსელონა“ ესპანეთის სუპერთასის ფინალშია

კატალონიის „ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „რეალ სოსიედადი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ლიონელ მესის გარეშე „ბარსელონას“ ბასკების დამარცხება ძალიან გაუჭირდა. ანგარიში ანტუან გრიზმანის გადაცემით ფრენკი დე იონგმა გახსნა და „ბარსელონამ“ ტაიმი მოიგო, თუმცა მეორე ნახევრის განახლებისთანავე „სოსიედადმა“ პენალტით გაათანაბრა. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. „ბარსელონას“ მხსნელად მარკ ანდრე ტერ შტეგენი მოევლინა, რომელმაც თამაშის დროსაც არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდის კარი გაშვებულ გოლს, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი სამი პენალტის მოგერიება შეძლო და ბარსელონას მოაგებინა.

ესპანეთის სუპერთასის ფინალში კატალონიელების მეტოქე მადრიდის „რეალსა“ და ბილბაოს „ატლეტიკს“ შორის გაირკვევა.