„ბარსელონა“ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს
„ბარსელონა“ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

„ბარსელონა“ აპირებს გაასაჩივროს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით კატალონიურმა კლუბმა 300 ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს, – იუწყება „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN).

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანის ყოფილმა კლუბმა, მადრიდის „ატლეტიკომ“, სასამართლოში უჩივლა „ბარსელონას“. მადრიდულ კლუბს ეჭვი ჰქონდა, რომ „ბარსელონამ“ მის ზურგსუკან დაიწყო გრიზმანთან მოლაპარაკებები, რისი გაკეთებაც აკრძალული ჰქონდა. „ატლეტიკოს“ ვერსიით, კატალონიურმა კლუბმა კონტაქტი დაამყარა ფრანგთან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენდა. საბოლოოდ, „ბარსამ“ გრიზმანი პირველი ივლისის შემდეგ შეიძინა, როცა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონამდე დავიდა.

მიუხედავად ამისა, „ბარსელონაში“ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და თვლიან, რომ თუნდაც ასეთი სიმბოლური ჯარიმის გადახდა ბრალის აღიარებას ნიშნავს. ამიტომ, გუნდი აპირებს, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივროს.