„ბარსელონა“ დემბელეს გაყიდვას არ აპირებს
„ბარსელონა“ დემბელეს გაყიდვას არ აპირებს

უსმან დემბელეს არ გამოუთქვამს იანვარში „ბარსელონადან“ წასვლის სურვილი და არც კლუბი განიხილავს მისი გასხვისების საკითხს. ამ ინფორმაციას, ანონომურ წყაროზე დაყრდნობით, ი-ეს-პი-ენი (ESPN) ავრცელებს.

ფრანგი ფეხბურთელი ესპანურმა გრანდმა 145 მილიონ ევროდ გასულ წელს, დორტმუნდის „ბორუსიადან“ შეიძინა და ფეხბურთელმა პირველი ცხრა მატჩი სასტარტოში დაიწყო. მიუხედავად ამისა, მისი პროფესიონალიზმი მალე ეჭვქვეშ დადგა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ვარჯიშზე არ გამოცხადდა. ოფიციალური ვერსიით, ამის მიზეზი მუცლის ტკივილი იყო, თუმცა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ დემბელე მთელი ღამე კომპიუტერული თამაშებით ერთობოდა და დილით უბრალოდ ვერ გაიღვიძა.

რამდენიმე დღის წინ, სანაკრებო თამაშებისას, „ბარსელონას“ ოფიციალური პირები დემბელეს აგენტს შეხვდნენ და სწორედ ამის გამო გავრცელდა ფეხბურთელის შესაძლო გასხვისების ვერსია. თუმცა, კატალონიური გრანდის წარმომადგენლების თქმით, ეს რუტინული შეხვედრა იყო და ფეხბურთელის გასხვისება არ განიხილება.