„ბარსელონა“ და „რეალ მადრიდი“ მერვედფინალში არიან | „კამპ ნოუზე“ ახალი ვარსკვლავი იზრდება
„ბარსელონა“ და „რეალ მადრიდი“ მერვედფინალში არიან | „კამპ ნოუზე“ ახალი ვარსკვლავი იზრდება

„რეალ მადრიდმა“ და „ბარსელონამ“ ესპანეთის სამეფო თასის 1/16 ფინალში დაბალი ლიგის გუნდები ადვილად დაამარცხეს და მერვედფინალში გავიდნენ.

მადრიდულმა სამეფო კლუბმა „მელილიას“, ორი მატჩის ჯამში, 10-1 მოუგო (4-0, 6-1), კატალონიელებმა კი „კულტურალ ლეონესა“ შედარებით მოკრძალებულად, 5-1 (1-0, 4-1) დაამარცხეს.

ორივე გუნდის მწვრთნელებმა ამ თამაშებისთვის გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანეს მინდორზე. აღსანიშნავია „ბარსელონას“ ახალგაზრდა და იმედისმომცემი ნახევარმცველი რიკი პუჩი (Riqui Puig), რომელსაც, დაბალი აღნაგობის გამო (169 სმ), ზედმეტსახელად „დაბალ გიჟს“ ეძახიან. 19 წლის ნახევარმცველმა ერთი საგოლე პასი შეასრულა და ზოგადად მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა.

რაც შეეხება „რეალ მადრიდისა“ და „მელილიას“ განმეორებით მატჩს (6-1), აქ ორ-ორი გოლი მარკო ასენსიომ და ისკომ გაიტანეს.

 

ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში ასევე გავიდნენ: „ვალენსია“, „ხეტაფე“, „ლეგანესი“, „ესპანიოლი“, „ატლეტიკო მადრიდი“, „ჟირონა“, „რეალ სოსიედადი“, „სევილია“, „ვილიარეალი“, „ვალიადოლიდი“, „ლევანტე“, „სპორტინგ ხიხონი“, „ატლეტიკ ბილბაო“ და „ბეტისი“.