„ბარნლი“ გიორგი მამარდაშვილის შეძენით დაინტერესდა, ტრანსფერს მოთხოვნილი თანხა აფერხებს #1TVSPORT
„ბარნლი“ გიორგი მამარდაშვილის შეძენით დაინტერესდა, ტრანსფერს მოთხოვნილი თანხა აფერხებს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის შეძენით ბევრი კლუბი დაინტერესდა, მაგრამ „ვალენსია“ სატრანსფერო ფასს თუ არ შეამცირებს, შესაძლოა, ქართველი მეკარე ესპანურ კლუბში დარჩეს, – ინფორმაციას გამოცემა relevo ავრცელებს.

„გიორგი მამარდაშვილისთვის ახალი გუნდის მოძიება ადვილი არ აღმოჩნდა. ქართველი მეკარე და „ვალენსია“ შეთანხმდნენ, რომ ის „ღამურების“ შემადგენლობას ზაფხულში იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდიან.

სატრანსფერო თანხა ბევრ კლუბს აფერხებს. როგორც ცნობილია, „ბრაიტონი“ ქართველით აღფრთოვანებული იყო და კლუბი მის წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა ფასი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ესპანელი მეკარის, რობერტ სანჩესის შემცვლელად „ბრაიტონი“ სწორედ მამარდაშვილს მიიჩნევდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი „ანდერლეხტის“ ნიდერლანდელ კარის დარაჯზე, ბარტ ვერბრუგენზე (ახლა თბილისში ევრო 2023-ზე თამაშობს) შეჩერდა. ეს სცენარი გამეორდა „ტოტენჰემსა“ და „ბრენტფორდთან“ დაკავშირებითაც. ამ უკანასკნელმა „ფრაიბურგის“ მეკარე მარკ ფლეკენი აირჩია, რომელშიც 20 მილიონი ევრო გადაიხადა.

ქართველი ახლახან „ბარნლის“ ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. მისით ასევე დაინტერესებულია „ინტერი“, რადგან, შესაძლოა, ანდრე ონანა სხვა გუნდში გადავიდეს, თუმცა ოფიციალური წინადადება „ვალენსიას“ ჯერ არ მიუღია.

ცხადია, გიორგი მამარდაშვილი გუნდს დატოვებს აღნიშნული თანხის გადახდის შემთხვევაში, მაგრამ ფეხბურთელისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ახალ გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და პირველი მეკარის სტატუსი ჰქონდეს“, – წერს Relevo.