ბარკოლა „ლივერპულის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
„ლივერპული“ და „პარი სენ-ჟერმენი“ დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ საფრანგეთის ნაკრების გარემარბის, ბრედლი ბარკოლას ტრანსფერის შეთანხმებას, – იტყობინება ფრანგული გაზეთი L’Équipe-ი.
23 წლის ფეხბურთელი 2026 წლის ზაფხულში ინგლისური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. კლუბში მიაჩნიათ, რომ ბარკოლას სისწრაფე და შედეგიანობა იდეალურად ერგება ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდონი ირაოლას სათამაშო სტილს. თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია მერსისაიდულ კლუბში გადასვლით. წყაროს ინფორმაციით, „ლივერპულმა“ უკვე შეათანხმა ფრანგთან პირადი კონტრაქტის პირობები, თუმცა გარიგების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.
მთავარი პრობლემა ტრანსფერის თანხაა. „ლივერპული“ არ აპირებს 120 მილიონ ევროზე მეტის გადახდას, იმ დროს, როცა პსჟ ბარკოლას 150 მილიონ ევროდ აფასებს. პარიზში მიაჩნიათ, რომ გარემარბის ფასი უნდა შეესაბამებოდეს ბოლო თვეების სხვა გახმაურებული ტრანსფერების დონეს, მაგალითად, მორგან როჯერსის „ჩელსიში“ ან ელიოტ ანდერსონის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლებს. თუმცა „ლივერპულში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ეს შედარებები არაკორექტულია, რადგან აღნიშნული გარიგებები პრემიერლიგის ფარგლებში განხორციელდა.
ბარკოლა უკმაყოფილოა პსჟ-ში საკუთარი როლით. ფრანგი ხშირად რჩება ძირითადი შემადგენლობის მიღმა და ჩემპიონთა ლიგის ორივე ფინალი სწორედ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. მოსალოდნელია, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი პირადად შეხვდება „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას. დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს კლუბების საერთო მინორიტარული ინვესტორი, კომპანია Arctos-ი, რომელსაც მხარეებს შორის დიალოგის გამარტივება შეუძლია.