„ბაქსმა“ შესაძლოა, დრაფტზე ოქრო აღმოაჩინა - ამერიკული მედია მამუკელაშვილზე [ვიდეო] #1TVSPORT 
„ბაქსმა“ შესაძლოა, დრაფტზე ოქრო აღმოაჩინა - ამერიკული მედია მამუკელაშვილზე [ვიდეო] #1TVSPORT 

სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსში“ ძალიან კარგად გამოიყურება. მან ჯერ კიდევ საზაფხულო ლიგაზე დაამახსოვრა გულშემატკივრებს თავი, შემდეგ კი წინასასეზონო თამაშებში გამორჩეული შეხვედრები ჩაატარა და არაერთი გამოცემის აზრით, როტაციაში თავისი ადგილი დაიმსახურა.

ამერიკული მედია მის წარმატებულ თამაშს ხშირად ეხმაურება. ამჯერად, ონლაინ-გამოცემა behindthebuckpass-მა, ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „სამი მოთამაშე, რომლებისგანაც შეუძლია მამუკელაშვილს სწავლა“. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

სამი მოთამაშე, რომლებისგანაც შეუძლია მამუკელაშვილს სწავლა

„მილუოკი ბაქსმა“, შესაძლოა, 2021 წლის დრაფტზე ოქრო აღმოაჩინა. მეორე წრის არჩევანს, სანდრო მამუკელაშვილს შეუძლია წვლილი შეიტანოს გუნდის წარმატებაში 2021/22 წლების სეზონში. მისი სახელი რთული გამოსათქმელია, მაგრამ ამ კუთხით „ბაქსს“ დიდი გამოცდილება აქვს (იანის და თანასის ანტეტოკუნმპოები).

2021 წლის Big East-ის კონფერენციის საუკეთესო მოთამაშე „ბაქსმა“ დრაფტის მეორე წრეში აირჩია, შესაბამისად ბევრი ფიქრობდა, რომ მამუკელაშვილი როტაციაში ადგილს ვერ დაიმსახურებდა. ამ ვარაუდების მიუხედავად, გულშემატკივრების ახალმა ფავორიტმა გამოამჟღავნა უნიკალური უნარები და მისი სიმაღლის (206 სმ) კალათბურთელის ყურება, სანამ ის NBA-ის მოერგება, სასიამოვნოა.

პირველ წინასასეზონო მატჩში მან თავისი შესაძლებლობის მცირე ნაწილი დაგვანახა, „ბრუკლინთან“ კი ისეთი ჩატენვა შემოგვთავაზა, რომ კომენტატორმა წამოიძახა – „დიდებული დასასრული, დიდებული გვარი“.

ჩატენვის გარდა, მამუკელაშვილი განსხვავებული მეთოდებით აგროვებდა ქულებს.

 

მამუკელაშვილის როლი „მილუოკი ბაქსში“ 2021/22 წლების სეზონში

რეგულარული სეზონის მოახლოებასთან ერთად, მამუკელაშვილის სათამაშო წუთები იკლებს, რადგან მძიმე ფორვარდის პოზიციაზე იანის ანტეტოკუნმპო, ბობი პორტისი და სემი ოჯელეი ითამაშებენ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადებიუტო წელს მას არ შეეძლება სხვებისგან რამის სწავლა. მოდით გადავავლოთ თვალი იმ სამ კალათბურთელს, რომლებისგანაც მამუკელაშვილს შეუძლია, კარიერის დასაწყისში ისწავლოს.

 

ბობი პორტისი

​ვის არ უნდა, რომ ისწავლოს ბობი პორტისისგან? მისი ენერგია გადამდებია და მამუკელაშვილს შეუძლია ამით სარგებელი მიიღოს. „ბაქსში“ ერთი წელი ყოფნის შემდეგ პორტისი გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე გახდა, ის არის კალათბურთელი, რომელიც პარკეტზე ყოველთვის ენერგიული და მონდომებულია.

მამუკელაშვილი ვერ დაიმსახურებს „ბაქსში“ ისეთ მოწონებას, როგორიც პორტისმა მოახერხა, მაგრამ შეუძლია ისწავლოს მისგან, თუ როგორ იქცევა როგორც დარბაზში, ასევე მის გარეთ.

სანდროს არ ექნება იმდენი სათამაშო დრო რამდენიც პორტისს, მაგრამ ის წუთები რაც მას NBA-სა და G ლიგაში მიეცემა, შეუძლია გამოიყენოს.

მცირე შანსის გამოყენება ბევრი მოთამაშისათვის შეიძლება არ იყოს მარტივი, მაგრამ მამუკელაშვილს სხვა გზა არ აქვს, რადგან მის პოზიციაზე შემადგენლობაში არაერთი კალათბურთელია.

 

სემი ოჯელეი

ორი კალათბურთელი, რომლებიც ჩამოვთვალეთ მამუკელაშვილის მსგავსად მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობენ, რაც ლოგიკურია.

სემი ოჯელეი „მილუოკი ბაქსს“ სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. მან წინა 4 სეზონი „ბოსტონ სელტიკსში“ გაატარა. ოჯელეი კარიერის განმავლობაში სამქულიანებს 39% სიზუსტით ისვრის. ის ასევე ცნობილია ერთი-ერთზე დაცვაში თამაშით და ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად იანისის დაცვა ევალებოდა. ოჯელეი გუნდში პიჯეი ტაკერის შესაცვლელად მოვიდა, რომელიც ზაფხულში „მაიამი ჰიტს“ შეუერთდა. მამუკელაშვილს მისგან სამქულიანების სროლისა და დაცვაში თამაშის სწავლა შეუძლია. სანდროს უკვე აქვს კარგი საქმულიანი – სეტონ ჰოლში“ 34% სიზუსტით ისროდა და აქვს ფიზიკური მონაცემები, რომ გახდეს კარგი მცველი.

საინტერესო იქნება იმის ხილვა, თუ როგორ მოახერხებს ოჯელეი გახადოს „ბაქსი“ უკეთესი და უფრო საინტერესო იქნება, როგორ მოახერხებს მამუკელაშვილი სწავლას ახალი თანაგუნდელისაგან.

 

დონტე დივინჩენცო

მამუკელაშვილს დივინჩენცოსგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია. ის სანდროს მსგავსად Big East-ის კონფერენციის გუნდში თამაშობდა. „ვილანოვაში“ მან გულშემატკივრებს თავი მას შემდეგ შეაყვარა, რაც 2018 წლის ფინალში საუკეთესო მოთამაშის ჯილდო დაიმსახურა.

პირველი, რაც მამუკელაშვილმა მისგან უნდა ისწავლოს, პასის გაცემის სურვილია. დივინჩენცომ 3 სეზონის განმავლობაში პასების პროცენტული მაჩვენებელი გაზარდა და 2021/22 წლების სეზონშიც იგივეს აპირებს. მამუკელაშვილმა უკვე დაამტკიცა, რომ ბურთის სროლა შეუძლია – „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ 20 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

„მემფისის“ წინააღმდეგ მან 3 პასი შეასრულა, მაგრამ სამივე შემთხვევაში გვაჩვენა, როგორ კარგად ხედავს თამაშს. მამუკელაშვილმა ჯერ ჯასტინ რობინსონს გაუკეთა ფარქვეშ პასი, შემდეგ თანასისს, ბოლოს კი ჯონი ო’ბრაიანტი დატოვა სამქულიანის სასროლად.

მამუკელაშვილმა კოლეჯში ყოფნის პერიოდში შემოქმედებითი უნარი გამოავლინა, შესაბამისად მას აქვს პოტენციალი და უბრალოდ საჭიროა მისი გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ დივინჩენცო ბოლომდე თავისი პასებით არ არის ცნობილი, ეს მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რომელიც შეუძლია მამუკელაშვილმა გამოიყენოს.

მას ჯერ ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ „ბაქსის“ გულშემატკივრები აღფრთოვანებულები უნდა იყვნენ „სეტონ ჰოლის“ პროდუქტით, რომელსაც შეუძლია ჩამოყალიბდეს მაღალი დონის მოთამაშედ.