ბაქოში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ბაქოში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ბაქოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეექვსე დღეს საქართველოს დელეგაციამ ანგარიშზე ოთხი სხვადასხვა სინჯის მედალი მიითვალა. ოთხივე ჯილდო ძიუდოისტებმა დაისაკუთრეს. ძიუდოისტთა დასკვნით დღეს მედლების კომპლექტი ვაჟებში 81, 90 და +90, ხოლო გოგონებში 70 და +70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. 81 კგ. წონით კატეგორიაში აკაკი ჯაფარიძე ფინალში ფრანგ არნო არეგბასთან იპონით დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლები თორნიკე ფოლადიშვილმა (90 კგ) და გიგა ტატიაშვილმა (+90 კგ) მოიპოვეს, ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გვანცა სომხიშვილმა (+70 კგ).

ძიუდოს შეჯიბრის პირველ დღეს ჩემპიონი ნიკა ბაჩიაშვილი (50 კგ) გახდა. საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო ვაჟთა და გოგონათა საერთო მაჩვენებლით მეშვიდე შედეგი დააფიქსირა.