ბაქოელთა ყოფილი მეკარე - ბოლოსდაბოლოს, ეს „ნეფთჩია“ და „დინამოს“ ბარიერი უნდა გაიაროს #1TVSPORT
ბაქოელთა ყოფილი მეკარე - ბოლოსდაბოლოს, ეს „ნეფთჩია“ და „დინამოს“ ბარიერი უნდა გაიაროს #1TVSPORT

აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბ „ნეფთჩის“ ყოფილმა მეკარემ, ჰუსეინ მაგომედოვმა azerisport.com–თან ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ ეტაპზე „დინამო თბილისთან“ დაპირისპირებაზე ილაპარაკა და უცნაური განცხადება გააკეთა.

ნეფთჩიმ“ სლოვენიაში შეკრება დაასრულა, სადაც მოსკოვის „სპარტაკი“ ტესტ-მატჩში 2:1 დაამარცხა. ჰუსეინ მაგომედოვმა განაცხადა, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებაში ბაქოს გუნდი ფავორიტია და არგუმენტად ის მოიშველია, რომ „ბოლოსდაბოლოს, ეს „ნეფთჩია“.

„შეძლებენ თუ არა ბაქოელები „დინამო თბილისის“ ბარიერის გადალახვას? „დინამოს“ თამაშის ფრაგმენტებს ვუყურე და ეს არის ძალიან სწრაფი გუნდი, რომელიც შეტევაზე სწრაფად გადადის. მე არ მივიჩნევ მათ სუსტ გუნდად, მაგრამ მჯერა, რომ „ნეფთჩი“ შეეცდება ეს ბარიერი გადალახოს. მოსკოვის „სპარტაკთან“ გამარჯვება კიდევ ერთი სერიოზული სიგნალი გახდა „დინამოსთვის“ – მათ დაინახეს, რომ „ნეფთჩი“ სულაც არ არის მარტივი გუნდი“, – განაცხადა ჰუსეინ მაგომედოვმა.

„ნეფთჩის“ ყოფილმა მეკარემ „დინამო თბილისის“ მწვრთნელის, კახაბერ ცხადაძის ფაქტორზე ილაპარაკა, რომელიც აზერბაიჯანული ფეხბურთს შიგნიდან იცნობს.

„ის ფაქტი, რომ კახა აზერბაიჯანში მუშაობდა და საფუძვლიანად შეისწავლა ჩვენი ფეხბურთი, რა თქმა უნდა, „ნეფთჩის“ პრობლემებს შეუქმნის. ის ჩემი მწვრთნელიც იყო, მე მას კარგად ვიცნობ. ის საათობით აანალიზებს მოწინააღმდეგეს და ყველა დეტალს ყურადღებით უკირკიტებს. მოკლედ, ცხადაძე კომპეტენტური და უნარიანი სპეციალისტია, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, „ნეფთჩი“ მაინც „ნეფთჩია“ და უნდა გავიდეს“, – ამბობს მაგომედოვი.