ბაქარ ბერეკაშვილი - პარტიები ვერ ხსნიან, რატომ არის საჭირო პროპორციული სისტემა და რაში გამოადგება საქართველოს ყველაზე მთავარ მიზანს
ბაქარ ბერეკაშვილი - პარტიები ვერ ხსნიან, რატომ არის საჭირო პროპორციული სისტემა და რაში გამოადგება საქართველოს ყველაზე მთავარ მიზანს

პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით დებატები არის ელიტების დებატები, ხოლო საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დღის წესრიგი სხვა რამეზე კონცენტრირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსმა, ბაქარ ბერეკაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე მაგალითად, არაფერი მაქვს პროპორციული სისტემის საწინააღმდეგო, მაგრამ როცა ამაზეა საუბარი, პარტიები უბრალოდ, ვერ ხსნიან, რატომ არის საჭირო პროპორციული სისტემა. მაინტერესებს, რაში მდგომარეობს ამ სისტემის ინსტრუმენტალიზაცია, ანუ რაში სჭირდებათ? ვერ ხსნიან, რაში გამოადგება ეს სისტემა საქართველოს ყველაზე მთავარ მიზანს. ჩვენ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ტრანზიციის ეტაპზე ვართ. ეს პოსტსაბჭოთა ტრანზიცია დაუსრულებელი თავგადასავალია და ქვეყნის წინაშე პირველ რიგში, განვითარების საკითხი დგას. საქმე იმაშია, როგორ წაადგება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა განვითარებას“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, როგორც წესი, პროპორციული წარმომადგენლობის საჭიროება იმიტომ არის, რომ მაღალი პოლიტიკური რეპრეზენტაცია იყოს, მაგრამ მაღალი პოლიტიკური რეპრეზენტაცია ფორმალური კატეგორია არ არის და ეს რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

„ევროპულ ქვეყნებში მაღალი პოლიტიკური რეპრეზენტაცია სხვადასხვა სოციალური ფენების წარმომადგენლობას ემსახურება, მაგრამ საქართველოში ეს სიტუაცია არ გვაქვს. საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს სოციალურ ფენებში ამომრჩეველი არ ჰყავთ და ყველა პარტია ცდილობს, ყველას ხმები მოიზიდოს; მათ შორის დებატები და პოლემიკა არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

როგორც ბერეკაშვილმა აღნიშნა, ნულოვანი ბარიერი პარლამენტში ისეთ ვითარებას შექმნიდა, რომ მაღალი პოლიტიკური რეპრეზენტაცია იქნებოდა, მაგრამ დემოკრატიის ეს ესთეტიკური იდეალი განვითარებას შეიწირავდა, რადგან საქართველოს კომპრომისის და კონსენსუსის ისტორიული გამოცდილება არ აქვს.

„ცხადია, მე იმას არ ვამბობ, რომ კარგია, პარლამენტმა რომ ეს ჩააგდო. რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი. ორი თვის წინ შეთანხმდნენ, რაღაც კონსენსუსს მიაღწიეს და ახლა აღმოჩნდა, რომ ეს კონსენსუსი მოიშალა. უბრალოდ, აქ მთავარი ის არის, რომ პარტიებს ეს საკუთარი პრივილეგიების და პოზიციების გამყარებისთვის სჭირდებათ“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ პარლამენტში ბევრი პარტიის წარმოდგენა თავისთავად არაფერს ნიშნავს და შეიძლება, უფრო ცუდიც იყოს, თუ ამ პარტიებს ადამიანებისთვის სათქმელი არ აქვთ.

„არა მგონია, მეინსტრიმული პარტიების უმრავლესობას, ყოველ შემთხვევაში, იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით იქნებოდნენ წარმოდგენილი, ჰქონდეთ იმის რესურსი, რომ მდიდარი პოლიტიკური ცხოვრება შექმნან, რიტორიკულ დონეზეც კი. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ კონკრეტული პოლიტიკების დონეზე არ იციან, განვითარების გამოწვევებს როგორ უნდა უპასუხონ“, – განაცხადა ბაქარ ბერეკაშვილმა.