ბალოტელიმ ნაკრებში დაბრუნება გოლით აღნიშნა [ვიდეო]

იტალიის ნაკრებმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა, პირველი მატჩი ჩაატარა ახალი მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით. შვეიცარიის ქალაქ სენტ გალენში „სკუადრა აძურამ“ 2:1 დაამარცხა მომავალი მუნდიალის მონაწილე საუდის არაბეთი.

მანჩინის ნაკრებში პირველი გოლი მარიო ბალოტელიმ გაიტანა 21-ე წუთზე. ეს ამ ფორვარდის პირველი გოლია ეროვნულ გუნდში 2014 წლის შემდეგ.

68-ე წუთზე მეორე გოლი „ტორინოს“ ფორვარდმა, ანდრეა ბელოტიმ გაიტანა, რომელმაც 58-ე წუთზე ბალოტელი შეცვალა.

72-ე წუთზე საუდის არაბეთმა იაჰია ალ-შეჰრის გოლით სხვაობა შეამცირა.

იტალიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დონარუმა, ძაპაკოსტა, ბონუჩი, რომანიოლი, კრიშიტო (88. დე შილიო), ფლორენცი (67. ბონავენტურა), ჟორჟინიო, პელეგრინი (73. ვერდი), პოლიტანო (73. კრისტანტე), ბალოტელი (58. ბელოტი), ინსინიე (84. კიეზა).