ბალოტელი ნაკრების გამო ნანობს და „ბარსელონა“ ენატრება - La Gazzetta dello Sport-ის ინტერვიუ სუპერმარიოსთან #1TVSPORT
ბალოტელი ნაკრების გამო ნანობს და „ბარსელონა“ ენატრება - La Gazzetta dello Sport-ის ინტერვიუ სუპერმარიოსთან #1TVSPORT

12 აგვისტოს „მანჩესტერ სიტის“, „ინტერისა“ და „მილანის“ ყოფილი ფორვარდი მარიო ბალოტელი 35 წლის გახდა. ყველაზე რთული ხასიათის მქონე დიდმა ტალანტმა ვერ შეძლო სრულად საკუთარი პოტენციალის რეალიზება. La Gazzetta dello Sport-მა უახლესი ინტერვიუს მეშვეობით გაარკვია, როგორ შეიცვალა სუპერმარიოს ფიქრები…

მარიო, 35 წლის გახდით. რა სურვილი ჩაიფიქრეთ?

– ჯანმრთელობა საკუთარი თავისთვის და ჩემი ახლობლებისთვის.

– სად გაქრა სუპერმარიო? ბუნებით ენერგიული, ცუდი ბიჭის რეპუტაციით.

– ადრე ჩემთვის ყველაფერი შავი ან თეთრი იყო. ახლა ვსწავლობ სხვა ფერების გარჩევას. რთულად გამომდის, მაგრამ ვეჩვევი.

– როგორც მამა, უფრო შეგნებულ ადამიანად გრძნობ თავს?

– მე არასოდეს მაძლევდნენ შესაძლებლობას, ბოლომდე ჩართული ვყოფილიყავი ბავშვების ცხოვრებაში. და დროთა განმავლობაში მივხვდი, რამდენად სასიამოვნოა ეს პასუხისმგებლობა.

– რამდენი ხანია საკუთარი შვილები არ გინახავს?

– პიას უკვე ხშირად ვხვდები, რაფაელასაც, მაგრამ ლაიონთან დაკავშირებით სირთულეებია. სანამ არ შეიცვლება გარკვეული კანონები…

– პაი და ლაიონი სპორტით არიან დაკავებულები?

– პია კარგია კარატეში, ლაიონი კარგად თამაშობს ფეხბურთს. რვა წლისაა და ჯერ ადრეა ლაპარაკი.

– სად გიხილავთ მოედანზე?

– მინდა, რომ გიპასუხოთ, მაგრამ არ შემიძლია.

არსებობს ოცნების ვარიანტი?

– ვითამაშო მადრიდის „რეალში“.

ვეძებ კლუბს, რომელიც მენდობა. მინდა, კიდევ ორი-სამი სეზონი ვითამაშო. შემდეგ წავალ ჩემს ძმასთან – ენოკთან. ახლა ის „ვადოში“ თამაშობს მოყვარულებთან ერთად. მე მას დავპირდი, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მასთან ერთად ვითამაშებდი.

– რას ფიქრობთ სერია A-ზე?

– არ ვუყურებ ტელევიზორს, არ ვადევნებ თვალს ახალ ამბებს. მაგრამ ბევრი რამ იცვლება. მაგალითად, მინდორზე ვხედავ 190 სანტიმეტრი სიმაღლის ბევრ ფეხბურთელს, მაგრამ აღარავინ ცდილობს, მეტოქეს თავზე გადაახტეს. შეიცვალა კიდევ იმიტომ, რომ დღეს, როგორც კი ფეხბურთელი ბურთისთვის იბრძვის, მას მაშინვე სჯიან.

მე მქონდა ოცნება. „ბარსელონაში“ ვიყავი, შემდეგ მასიმო მორატიმ მეტი ფული შემომთავაზა და „ინტერში“ გადავედი. „ბარსაში“ ბრწყინვალე გამოცდილება მქონდა: ვთამაშობდი ძმებ დოს სანტოსებთან, ტიაგო ალკანტარასთან, ბოიან კრკიჩთან ერთად. ჩვენ თამაშის საშუალებას გვაძლევდნენ – მხოლოდ ტექნიკას გვასწავლიდნენ: ბურთის გაჩერება, ჰაერში ერთი შეხებით პასი, არანაირი ტაქტიკა. ძალიან მაგარი იყო მინდორზე გასვლა და ყველას დამარცხება 15:0.

– „ინტერში“ და „მილანში“ ბევრი სასიამოვნო მომენტი დაგრჩათ?

– რა თქმა უნდა. ბევრი მივიღე და ბევრიც გავიღე ორივე მილანური კლუბისთვის.

– „ინტერის“ გულშემატკივარი ხართ თუ „მილანის“?

– ბავშვობაში „ნერაძურის“ ვგულშემატკივრობდი, რადგან ჩემი კერპი იყო რონალდო, მაგრამ არასოდეს ვმალავდი ჩემს სიმპატიებს „როსონერის“ მიმართ. თუმცა იყო გულშემატკივარი – სულ სხვა საქმეა.

– „მილანში“ ალეგრი დაბრუნდა, და ისევ დაიწყეს ლაპარაკი გალიანიზე…

– მიხარია მაქსის გამო. და კარგია, რომ გალიანი ისევ ჩვენთანაა. ორი მნიშვნელოვანი ფიგურა.

– თქვენი „ბრეშა“ სერია C-ში გავარდა.

– სერია A-ში მე კაპიტანი ვიყავი. და როცა კაპიტნის სამკლავური წამართვეს, მკაფიოდ ვთქვი: „თქვენ მიხვდებით, ვინ არის თქვენი პრეზიდენტი“. კარგია, რომ დღეს მთავარი მწვრთნელი დავიდე პოსანზინი გარშემო ბევრ ნეგატიურ ენერგიას აგროვებს. მან ფსკერს მიაღწია.

– რა არ გყოფნიდათ კარიერაში?

– საერთო ჯამში, შემეძლო მეტი ძალისხმევა დამეხარჯა. ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა ნაკრებთან დაკავშირებით. შემეძლო, უფრო მეტი მეთამაშა.

– მაგრამ თქვენ 14 გოლი გაიტანეთ, როგორც რივერამ.

– მოდით, არ გვინდა ამაზე. მე რომ უფრო მეტი შანსი მქონოდა, შესაძლოა, მასთან ახლოს მივსულიყავი. ვიღაცას არ უნდოდა ჩემი ნაკრებში ხილვა… მაგრამ ეს უკვე წარსულია.

იტალიას სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატი. რას ფიქრობ გატუზოზე?

– რინო იმსახურებს ჩემს ყველაზე კარგ სურვილებს. ის არაფერს დაიშურებს ნაკრებისთვის.

– იტალიას არ ჰყოფნის ხარისხიანი ფორვარდები…

– ეს სერიოზული პრობლემაა. ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევენ, მათ დაბალ ლიგებში უშვებენ, და რამდენიმე თვეში ისინი ფორმას კარგავენ. და ქრებიან.

– პიო ესპოზიტო, ფრანჩესკო კამარდა და ლორენცო ვენტურინო. ამათგან ვის ექნება გარღვევა?

– „ჯენოაში“ ვენტურინოსთან ერთად ვვარჯიშობდი, მას კარგი დარტყმები აქვს: ის იმსახურებს ნდობას. ასევე ვნახე კამარდა „მილანის“ რამდენიმე მატჩში და მაინტერესებს, როგორ ითამაშებს „ლეჩეში“.

მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს პიო. ის რამდენჯერმე ცოცხლად ვნახე „ბრეშაში“. მას აქვს ყველაფერი, რათა ნაკრებში დამკვიდრდეს. იმედია, იპოვნის საკუთარ ადგილს „ინტერში“. ის შეიძლება სიურპრიზი გახდეს. მაგრამ იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე სტაბილურად ითამაშოს, საკუთარ გზაზე ყველაფერი უნდა წალეკოს.