ბაკურიანი სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს
ბაკურიანი სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

26, 27 და 28 თებერვალს ბაკურიანში სქი-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. ბაკურიანი შერეულ გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად მასპინძლობს. გუნდში ყოველი ქვეყნის ნაკრებიდან თითო გოგონა და ბიჭი იქნება.

სქი-ქროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად დაშვებას გულისხმობს. ბაკურიანში გასამართ ტურნირზე 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი…)

ბაკურიანისთვის 2021 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით 3,4 და 5 მარტს სნოუბორდ-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპიც გაიმართება.

​აღნიშნული შეჯიბრებები სატესტო ღონისძიებაა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება.

„საქართველო ძალიან კარგად მომზადებული დაგვხვდა, როგორც საორგანიზაციო კუთხით, ასევე კოვიდ-19-ის რეგულაციების თვალსაზრისით. ყველა ჩვენი რეკომენდაცია ზედმიწევნით კარგად სრულდება. მონაწილეებს უტარდებათ PCR ტესტირება, დაცულია ყველა ის წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ამ რთულ პერიოდიში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი შეჯიბრები ჩავატარეთ. ვგულშემატკივრობთ საქართველოს და წარმატებას ვუსურვებთ მსოფლიო ჩემპიონატამდე მიმავალ გზაზე. ქართველ კოლეგებთან ერთად ძალიან კომფორტულად და ეფექტიანად ვმუშაობთ“, – განაცხადა სქი-კროსის საშეჯიბრო ხელმძვანელმა კლაუს ვალდნერმა.