ბაკურიანი 2025 | ჰოკეის გოგონათა ტურნირის ფინალში ფინეთი და ჩეხეთი ითამაშებენ #1TVSPORT
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (EYOF) ფარგლებში, თბილისში, ყინულის ახალაშენებულ არენაზე გოგონათა შორის ჰოკეის ტურნირზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.
ჩეხეთის ნაკრებმა დიდი ანგარიშით 10:2 დაამარცხა შვედეთი და ტურნირის ფინალში ითამაშებს.
ოთხი გოლი ესტერ როსენბაუმოვამ გაიტანა, ხოლო ვერონიკა ფილიპმა, ლუსი სინდელეროვამ, ადელა მინარიკოვამ, ელენ იარაბაკოვამ, როზალი სალემ და ნატალი ვესელამ თითოჯერ გამოიჩინეს თავი. შვედთაგან ებბა ჰესელვალმა დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა – ფინეთისა და სლოვაკეთის ნაკრებების მატჩის ძირითდი დრო 2:2 დასრულდა, ოვერტაიმში კი ფინეთმა 3:2 მოიგო და მეორე ფინალისტი გახდა. ფინელთაგან გოლები იენა კოლმონენმა, ემმი ლოპონენმა და კატარინა იუნილმა გაიტანეს, სლოვაკებიდან კი თავი მიხაელა ლეტასიმ და ნინა სელაროვამ გამოიჩინეს.
გოგონათა შორის ჰოკეი ტურნირი 10 თებერვალს დასრულდება – 11:00 საათზე მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის შვეიცარია იტალიას ეთამაშება, 14:30 საათზე შვედეთსა და სლოვაკეთს შორის მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართება, ხოლო ფინალური შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და ოქროს მედლებისთვის ერთმანეთს ჩეხეთისა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
