„ბაიერნს“ ახალი პრეზიდენტი ეყოლება
„ბაიერნს“ ახალი პრეზიდენტი ეყოლება

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი პოსტის დატოვებას აპირებს. ის არ გეგმავს თავისი კანდიდატურის დაყენებას ახალ არჩევნებში, რომელიც 2019 წლის ნოემბერში გაიმართება, – წერს გაზეთი „ბილდი“ (Bild).

67 წლის ჰიონესმა თავის ოჯახს აცნობა, რომ წელს პენსიაში გავა. „ბაიერნში“ პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ფავორიტად მიიჩნევა ჰერბერტ ჰაინერი, რომელიც მიუნხენურ კლუბში 2014 წელს უკვე იკავებდა დროებითი პრეზიდენტის პოსტს.

ეს იმ დროს ხდებოდა, როცა 2014 წლის მარტში ჰიონესს მიუნხენის სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა – დამნაშავედ სცნო გადასახადების დამალვაში, ფულის გათეთრებასა და სავალუტო სპეკულაციებში. 2016 წლის თებერვალში, ჰიონესი ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც, ის „ბაიერნში“ ძველ პოსტზე დაბრუნდა.