„ბაიერნმა“ სტუმრად „ლევერკუზენს“ მოუგო და ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა
„ბაიერნმა“ სტუმრად „ლევერკუზენს“ მოუგო და ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა

მიუნხენის „ბაიერნმა“ მორიგი ნაბიჯი გადადგა ბუნდესლიგის ზედიზედ მეშვიდე ტიტულისკენ.

ჩემპიონმა სტუმრად დაამარცხა „ლევერკუზენი“. მიუნხენელთა წარმატებას ხელი შეუწყო იმან, რომ კუნთის ტრავმის გამო, ბოლო მომენტში გამოირიცხა მასპინძელთა რიგებში კაი ჰავერცის თამაში.

„ბაიერნი“ თავიდან მდევრის როლში აღმოჩნდა – მე-10 წუთზე ალარიომ გახსნა ანგარიში, მაგრამ უკვე პირველ ტაიმში სტუმრებმა სამი გოლით უპასუხეს: კომანმა, გორეტცკამ და გნაბრიმ გაიტანეს. მეორე ტაიმში რობერტ ლევანდოვსკიმ 30-ე გოლი გაიტანა და 4:1 გახადა ანგარიში. ორი საგოლე პასი მიითვალა თომას მიულერმა. მას 20 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა სეზონში და ამ მაჩვენებლით ის ლიდერობს TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებს.

მატჩის მიწურულს ვიტცმა ერთი ბურთი გაქვითა და „ბაიერნმა“ 4:2 გაიმარჯვა.

„რეკორდმაისტერმა“ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და ზედიზედ მე-16 მატჩი არ წააგო. ამ სერიისას გუნდს 15 მოგება და ერთი ფრე აქვს.

მიუნხენელებმა 10 ქულამდე გაზარდეს უპირატესობა „დორტმუნდთან“, თუმცა, ეს უკანასკნელი მოგვიანებით ჩაატარებს 30-ე ტურის მატჩს შინ „ჰერტას“ წინააღმდეგ.