„ბაიერნმა“ შინ „შალკე“ გაანადგურა და ლიდერთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა
„ბაიერნმა“ შინ „შალკე“ გაანადგურა და ლიდერთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა

რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი 21-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, მისმა „ბაიერნმა“ კი „შალკე“ 5-0 დაამარცხა და ლიდერ „ლაიპციგს“ ახლა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

ანგარიში პოლონელმა ვარსკვლავმა მატჩის მეექვსე წუთზე გახსნა, ამის შემდეგ მსაჯმა მას და ტომას მიულერს თითო გოლი არ ჩაუთვალა. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის ბოლოს მიულერმა თავისი მაინც გაიტანა და შესვენებაზე მიუნხენელები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში თითო გოლი ლეონ გორეცკამ, ტიაგო ალკანტარამ და სერჟ ნიაბრიმ გაიტანეს, რითაც საბოლოო ანგარიში – 5-0 დააფიქსირეს.

ამავე დღეს „ლაიპციგმა“ მოულოდნელი მარცხი განიცადა ფრანკფურტში „აიტრახტთან“ და ახლა „ბაიერნი“ ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.