„ბაიერნმა“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
„ბაიერნმა“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

მიუნხენის „ბაიერნმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ხორვატი სპეციალისტი ნიკო კოვაჩი. მას არ აპატიეს ბუნდესლიგის ბოლო ტურში 1:5 მარცხი ფრანქფურტის „აინტრახტთან“, რომლის შემდეგაც „ბაიერნი“ გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

გადაწყვეტილება მიიღეს კოვაჩის შეხვედრაზე კლუბის პრეზიდენტთან ული ჰიონესთან, გენერალურ დირექტორთან კარლ- ჰაინც რუმენიგესთან და სპორტულ დირექტორთან ჰასან სალიჰამიჯითან.

“ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯია კლუბისთვის. შედეგებმა მიგვიყვანეს ასეთ გადაწყვეტილებამდე”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ კოვაჩმა.

ახლა, „ბაიერნს“ „ოლიმპიაკოსთან“ და „დორტმუნდთან“ მატჩებისთვის მოამზადებს კოვაჩის თანაშემწე ჰანს-დიტერ ფლიკი. 54 წლის გერმანელს დამოუკიდებულად 2005 წლის შემდეგ არ უმუშავია. 2006-14 წლებში, ის გერმანიის ნაკრებში იოახიმ ლიოვს ეხმარებოდა.

კოვაჩის შეცვლის მთავარ პრეტენდენტად განიხილება „იუვენტუსის“ ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი.