მიუნხენის „ბაიერნმა“ 2025-26 წლების სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა. გერმანიის ჩემპიონმა 2:1 დაამარცხა „შტუტგარტი“ და ქვეყნის სუპერთასი მოიპოვა, რომელსაც 2025 წლიდან ფრანც ბეკენბაუერის სახელი მიენიჭა.
მიუნხენელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. მე-18 წუთზე ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა, 77-ე წუთზე კი სერჟ გნაბრის გადაცემა ლუის დიასმა გამოიყენა. ეს იყო ექსლივერპულელის პირველი გოლი ახალი გუნდის შემადგენლობაში. 93-ე წუთზე ჯეიმი ლეველინგმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა, მაგრამ ამან „შტუტგარტს“ ვერ უშველა.
„ბაიერნმა“ მეთერთმეტედ და 2022 წლის შემდეგ პირველად მოიგო გერმანიის სუპერთასი. მიუნხენური გრანდი რეკორდსმენია ტურნირზე გამარჯვებების რაოდენობით.