„ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი მოიგო #1TVSPORT
„ბაიერნმა“ სეზონში პირველი ტიტული მოიგო: ტრადიციულად დაამარცხა „დორტმუნდი“ გერმანიის სუპერთასის მატჩში. ინტრიგა თამაშის ბოლომდე არსებობდა და „დორტმუნდს“ ჰქონდა ძირითად დროში ფრეს მიღწევის შანსი.
ისე ჩანდა, რომ „ბაიერნმა“ პირველ ტაიმში ყველაფერი გადაწყვიტა. 28-ე წუთზე ანგარიში ნათანიელ ბრაუნმა გახსნა.
„დორტმუნდმა“ 42-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ რემი ბენსებაინის გოლი ოფსაიდის გამო გააუქმეს. დაახლოებით სამ წუთში, ჯობ ბელინგემის შეცდომის შემდეგ ბურთი მაიკლ ოლისემ მიიღო, საჯარიმოში შევიდა და ტერფის გარე ნაწილით ძალიან მახვილი კუთხიდან გაიტანა. ფრანგს გოლი+პასი დაუგროვდა.
„დორტმუნდმა“ შეძლო შესვენების შემდეგ მობილიზება და 75-ე წუთზე შესანიშნავი შეტევით ანგარიში შეამცირა. სამსვლიანი კომბინაცია იოანის კონსტანტელიასმა დაიწყო, დანიელ სვენსონმა გააგრძელა და ფაბიო სილვამ დაასრულა.
მასპინძლები ბოლო წუთებზე კაცნაკლულნი იბრძოდნენ – ბენსებაინიმ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო ისმაელ საიბარის წინააღმდეგ უხეში ჯარიმისთვის. კომპენსირებულ დროში მაქსიმილიან ბაიერმა დაუჯერებელი მომენტი ვერ გამოიყენა – მარტო დარჩა მანუელ ნოიერთან და ბურთი კარს გადააცილა.
ერთი კვირის შემდეგ ბუნდესლიგა დაიწყება. პირველ ტურში „ბაიერნი“ „შტუტგარტის“ წინააღმდეგ ითამაშებს, „დორტმუნდი“ კი „ჰამბურგს“ შეხვდება.
ფაქტები
* „ბაიერნმა“ მე-12 სუპერთასი მოიგო, რაც გერმანიის რეკორდია. მიუნხენელებმა შარშანდელი შედეგი გაიმეორეს, მანამდე კი 2022 წლიდან არ ჰქონდათ მოგება.
* „დორტმუნდმა“ მეშვიდედ წააგო სუპერთასი – ეს მაქსიმუმია გერმანიისთვის. ამდენივე წაგება აქვს „ბაიერნს“.
* ჰარი კეინმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო. ორ-ორჯერ გაიმარჯვა ბუნდესლიგასა და გერმანიის სუპერთასზე, ასევე მოიგო გერმანიის თასი.
* სამწვრთნელო კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა ვენსან კომპანიმ. ოთხი გერმანიაში და ერთი – ინგლისში. 2022-23 წლების სეზონში ბელგიელმა „ბარნლის“ ჩემპიონშიფი მოაგებინა.
დორტმუნდი-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 ბრაუნი (28. ოლისეს პასით), 0:2 ოლისე (45+1), 1:2 სილვა (75. სვენსონის პასით)
დორტმუნდი (3-4-2-1): კობელი – გადუ, ანტონი, ბენსებაინი – სვენსონი, ბელინგემი, ნმეჩა (63. ვერმანი), რიერსონი (73. ზაბიტცერი) – კარეცასი (63. ბაიერი), ინასიო (46. კონსტანტელიასი) – გირასი (63. ფ. სილვა).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – ლაიმერი, ტა, მინ-ჟაე კიმი, სტანიშიჩი (68. დევისი) – კიმიხი, პავლოვიჩი – ოლისე, ბრაუნი (81. საიბრი), დიასი (90+6. ბიშოფი) – კეინი.
გაძევება: ბენსებაინი (90. დორტმუნდი)