„ბაიერნმა“ დაადასტურა, რომ ხამესი გუნდს ტოვებს
„ბაიერნმა“ დაადასტურა, რომ ხამესი გუნდს ტოვებს

კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელიც ბოლო ორი სეზონი იჯარით „ბაიერნში“ თამაშობდა, მიუნხენურ კლუბს დატოვებს. ფეხბურთელი დაბრუნდება მადრიდის „რეალში“, რომელთანაც საკონტრაქტო ვალდებულებები გააჩნია.

„ბაიერნის“ დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ნახევარმცველი დატოვებს გერმანიის ჩემპიონის რიგებს. მიუნხენელებს ჰქონდათ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება.

„პრინციპში, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. ის მოვიდა ჩემთან სეზონის ბოლომდე და მთხოვა არ გამეაქტიურებინა გამოსყიდვის პუნქტი. ჩვენც დავთანხმდით“, – განაცხადა რუმენიგემ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ხამეს როდრიგესის შეძენით დაინტერესებულია „ნაპოლი“, გარდა ამისა, მას „იუვენტუსში“ ეპატიჟება ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ.