„ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში მეორედ წააგო და შეიძლება ლიდერობა დაკარგოს (ვიდეო)
„ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში მეორედ წააგო და შეიძლება ლიდერობა დაკარგოს (ვიდეო)

ბუნდესლიგის მე-15 ტური ჩემპიონისა და ლიდერის „ბაიერნის“ წაგებით დაიწყო. მიუნხენური გრანდი სტუმრად მიონხენგლადბახში 2:3 დამარცხდა „ბორუსიასთან“ და შეწყდა მისი 12-მატჩიანი წაუგებელი სერია. ეს „ბაიერნის“ მეორე მარცხია გერმანიის წლევანდელ ჩემპიონატში.

სტუმრებისთვის მატჩი კარგად დაიწყო – მე-20 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი გამოიყენა და ჩემპიონატში მე-20 გოლით „ბაიერნი“ წინ გაიყვანა, ექვს წუთში კი ლეონ გორეტცკამ ორამდე გაზარდა უპირატესობა. „გლადბახმა“ პირველივე ტაიმში გაათანაბრა ანგარიში – 10 წუთის ინტერვალით ლარს შტინდლის ზუსტი პასებით დუბლი იონას ჰოფმანმა შეასრულა.

გამარჯვების გოლი მასპინძლებმა 49-ე წუთზე გაიტანეს – ჰოფმანის საგოლე გადაცემით ფლორიან ნოიჰაუსმა გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე „ბაიერნი“ წინა რვა შეხვედრაში მუდმივად მდევრის როლში იყო, მაგრამ ახერხებდა გადარჩენას, თუმცა, მეცხრე ჯერზე ეს ვეღარ შეძლო.

„ბაიერნი“ დარჩა პირველ ადგილზე, მაგრამ თუ შაბათს, „ლაიპციგმა“ შინ მოუგო „დორტმუნდს“, სწორედ ის გახდება ბუნდესლიგის ახალი ლიდერი.