„ბაიერნის“ სამუდამო რეკორდი და მეორე  ჰეთ-თრიკი - ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი ფაქტები და ციფრები
„ბაიერნის“ სამუდამო რეკორდი და მეორე ჰეთ-თრიკი - ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი ფაქტები და ციფრები

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1:0 დაამარცხა „პარი სენ-ჟერმენი“ და მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა (1974, 1975, 1976, 2001, 2013, 2020). ის ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა „ლივერპულს“ და ჩამორჩება „მილანს“ (7) და „რეალს“ (13).

 

ფინალის სხვა საინტერესო ფაქტები

* „ბაიერნმა“ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 11-დან 11 მატჩი მოიგო. ეს არის ტურნირის ისტორიაში პირველი შემთხვევა. ამ რეკორდს ვერავინ მოხსნის, მხოლოდ გამეორებას თუ შეძლებს.

* „ბაიერნმა“ თავის ისტორიაში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა – მოიგო ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა. პირველად ეს 2013 წელს შეძლო იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით. ორივე ჰეთ-თრიკში მიიღეს მონაწილეობა თომას მიულერმა, მანუელ ნოიერმა, დავიდ ალაბამ, ჯერომ ბოატენგმა და ხავი მარტინესმა.

* „პარი სენ-ჟერმენი“ პირველად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ის რიგით 41-ე გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში უთამაშია.

* თომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალი ითამაშა და გაიმეორა გერმანული რეკორდი, რომელიც ტონი კროოსს ეკუთვნის.

* სეზონის რესტარტის შემდეგ, „ბაიერნმა“ პირველად ვერ შეძლო პირველ ტაიმში გოლის გატანა.

* კომანის გოლი მე-500 იყო „ბაიერნისთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე. აქამდე ეს ზღვარი გადალახული ჰქონდათ „ბარსელონას“ (517) და „რეალს“ (567).

* კომანი მე-9 ფრანგი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაუტანია. მანამდე ეს შეძლეს: მიშელ იდალგომ, მიშელ ლებლონმა, ჟან ტემპლენმა (1956), მიშელ პლატინიმ (1985), ბაზილ ბოლიმ (1993), მარსელ დესაიმ (1994), ზინედინ ზიდანმა (2002) და ქარიმ ბენზემამ (2018).

* კომანისთვის ეს მე-20 ტიტულია კარიერაში, არადა, ფრანგი მხოლოდ 24 წლისაა.

* კიმიხმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში ოთხი საგოლე პასი შეასრულა.

* ჰანს-დიტერ ფლიკმა მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველ სეზონში ყველა ტურნირი მოიგო.

* მანუელ ნოიერი მხოლოდ მესამე მეკარე-კაპიტანია, ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მანამდე თასი ჩაიბარეს პიტერ შმაიხელმა („მანჩესტერ იუნაიტედი“, 1999) და იკერ კასილიასი („რეალი“, 2014).

* რობერტ ლევანდოვსკი 15 გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 10 გოლით მეორე ადგილზე გავიდა ერლინგ ჰალანდი („დორტმუნდი“), მესამეზე – სერჟ გნაბრი („ბაიერნი“) 9 გოლით. ასე რომ, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის სამი საუკეთესო ბომბარდირი ბუნდესლიგიდანაა.

* „ბაიერნს“ მიუნხენის მიღმა ჩემპიონთა ლიგაზე 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 13 მოგება და 3 ფრე.