„ბაიერნის“ პირველ ვარჯიშზე ლევანდოვსკი ნაგელსმანსა და თანაგუნდელებს არ დაელაპარაკა #1TVSPORT
„ბაიერნის“ პირველ ვარჯიშზე ლევანდოვსკი ნაგელსმანსა და თანაგუნდელებს არ დაელაპარაკა #1TVSPORT

„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გერმანიის ჩემპიონს შეუერთდა და ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში პირველი ვარჯიში ჩაატარა. გაზეთ Bild-სთვის ცნობილი გახდა ვარჯიშის დროს პოლონელის ქცევების შესახებ.

გაზეთი წერს, რომ ფორვარდის სხეულის ენა პირდაპირ მიუთითებდა მის სურვილს – სასწრაფოდ შეიცვალოს კლუბი. გარდა იმისა, რომ ლევანდოვსკიმ ვარჯიშზე დააგვიანა და ბოლო გავიდა მინდორზე, ის ყველაზე ბოლოს იწყებდა მწვრთნელის მითითებების შესრულებას და მაქსიმალურად არ იხარჯებოდა.

პოლონელს პარტნიორებთან თითქმის არ ჰქონია კომუნიკაცია. ის მხოლოდ ლეონ გორეტცკასა და ჯამალ მუსიალას ელაპარაკებოდა. იულიან ნაგელსმანს საერთოდ არ გასაუბრებია. როცა მწვრთნელი გუნდის წინაშე სიტყვას ამბობდა, ლევანდოვსკი მოშორებით იდგა და არ აინტერესებდა ნაგელსმანის ნათქვამი.

საწვრთნელი მატჩის დროს, ლევანდოვსკი A გუნდში იყო. ის ბოლომდე არ მიდიოდა ბურთისთვის ბრძოლაში და გოლი არ გაუტანია. მისმა გუნდმა წააგო და სასჯელის სახით ყველა მოთამაშეს მოუწია აზიდვების კეთება. გამონაკლისი მხოლოდ პოლონელი იყო.

საღამოს „ბაიერნმა“ მეორე ვარჯიში ჩაატარა. ნაგელსმანი ამუშავებდა მაღალ პრესინგს შემტევი ფეხბურთელებით – მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ეს ასპექტი გუნდში გასაუმჯობესებელია. პირველ ჯგუფში მუშაობდნენ თომას მიულერი, სადიო მანე, გაბრიელ ვიდოვიჩი და ლეროი სანე, მეორეში – სერჟ გნაბრი, ჯამალ მუსიალა, კინგსლი კომანი და ჯოშუა ზირკზეე.

ლევანდოვსკი ერთადერთი იყო, ვისაც ამ ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიუღია. მიუხედავად ამისა, ამჯერად ის უფრო მონდომებული ჩანდა და „ბაიერნის“ სხვა მოთამაშეებსაც ელაპარაკებოდა.

33 წლის ფორვარდს მაისიდან მოყოლებული უნდა „ბაიერნის“ დატოვება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა არ უშვებს პოლონელს და ითხოვს, რომ ლევანდოვსკიმ კონტრაქტი ბოლომდე გამოიმუშავოს.