„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ვინსენ კომპანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ვინსენ კომპანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sky Sport-ისა და Bild-ის ცნობით, 40 წლის ბელგიელი სპეციალისტი 23 ოქტომბერს კლუბის საწვრთნელი ბაზიდან სასწრაფო დახმარების მანქანით მიუნხენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს.
კომპანის ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აწუხებდა. ვირუსული ინფექციის გამო მას ფეხების ძლიერი ტკივილი ჰქონდა, რასაც ბარძაყის არეში არსებული პრობლემებიც დაემატა. მწვრთნელს გადაადგილება და კიბეებზე ასვლაც უჭირდა.
ამის გამო კომპანიმ ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის „არსენალთან“ მატჩის წინ რამდენიმე ვარჯიში და პრესკონფერენცია გამოტოვა, თუმცა შეხვედრის დღეს გუნდს დაუბრუნდა და მატჩს სათადარიგოთა სკამიდან უხელმძღვანელა.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ბელგიელი სპეციალისტის საავადმყოფოში გადაყვანა და რამდენად სერიოზულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ბაიერნს“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.