ბაიერნის იდეალური ტური - ბუნდესლიგის მე-14 ტურის მიმოხილვა
ბაიერნის იდეალური ტური - ბუნდესლიგის მე-14 ტურის მიმოხილვა

“ბაიერნისთვის” იდეალური გამოდგა ბუნდესლიგის მე-14 ტური – გერმანიის ჩემპიონმა მეორე ტაიმში გატეხა “ჰანოვერის” წინააღმდეგობა, ხოლო მისმა სამმა უახლოესმა მდევარმა ჩააგდო ტური – ორმა მათგანმა დიდი ანგარიშით წააგო, “შალკემ” კი შინ ვერ მოუგო “კიოლნს”.

ამ ტურში “ბაიერნს” დაუბრუნდა თომას მიულერი, რომელმაც 410-ედ ითამაშა მიუნხენური კლუბის მაისურით და ამით გაუთანაბრდა ლეგენდარულ ლოთარ მათეუსს. ჩემპიონისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო – ვიდალმა კარიერაში პირველად შეძლო ზედიზედ მესამე მატჩში გატანა და ანგარიში გახსნა. ამას მოჰყვა ლევანდოვსკის გოლის გაუქმება და “ბაიერნის” პრობლემები: “ჰანოვერმა” ჯერ პენალტი ვერ გაუტანა ბოლო დროს ბრწყინვალედ ათამაშებულ ულრაიხს, მაგრამ თავისას მაინც მიაღწია – კუთხურიდან გაათანაბრა, საიდანაც “ბაიერნს” ბუნდესლიგაში გოლს 2015 წლის შემდეგ ვერავინ უტანდა.
ჩემპიონს მშველელად კინგსლი კომანი მოევლინა, რომელმაც თავადაც გაიტანა, შემდეგ კი მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლევანდოვსკიმ გამოიყენა.

* * *
პრობლემები არ ელევა “დორტმუნდს”, რომელმაც მორიგი ორი ფეხბურთელი (ფილიპი და გონსალო კასტრო) ხანგრძლივი დროით დაკარგა და რაც მთავარია, სექტემბერის შემდეგ ვერ ახერხებს მოგებას. “ლევერკუზენის” წინააღმდეგ “დორტმუნდს” პირველ ტაიმში ძალიან გაუჭირდა. ობამეიანგის გარეშე მოთამაშე სტუმრებს მეკარე ბიურკი შველოდა, ერთხელ კი ძელმა მოიგერია ბურთი. 30-ე წუთზე დაცვაში ტრადიციულ შეცდომას გოლი მოჰყვა – ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გერმანელი ფორვარდი ფოლანდი ცენტრიდან გაიქცა მეკარესთან ერთი ერთზე და ანგარიში გახსნა.
დორტმუნდელებმა მაშინ ამოისუნთქეს, როცა პირველი ტაიმის მიწურულს “ლევერკუზენს” ვენდელი გაუძევეს. სტუმრებს დიდი დრო დასჭირდათ ანგარიშის გასათანაბრებლად – 73-ე წუთზე იარმოლენკომ შიურლეს პასით გაიტანა. “დორტმუნდს” მოგებაც შეეძლო, მაგრამ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რაფაელ გერეიროს დარტყმა შიურლეს მოხვდა ფეხში.

* * *
“ლაიპციგმა” ვერ შეძლო “ბაიერნთან” სამქულიანი სხვაობის შენარჩუნება, რადგან ვიცე-ჩემპიონი “ჰოფენჰაიმმა” – 4:0 გაანადგურა. განსაკუთრებით კარგი იყო გნაბრი, რომლის ერთ-ერთი გოლი ნამდვილი შედევრი გამოდგა: ფორვარდმა დაინახა წინ გამოსული მეკარე და თითქმის ცენტრალური წრიდან ბურთი ბადეში გაუშვა.
“ჰოფემ”  სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ევროტურნირების ზონას დაუბრუნდა, ლაიპციგი” კი თავის ისტორიაში ბუნდესლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა.

“ლაიპციგის” სირცხვილით “შალკეს” უნდა ესარგებლა და ის უნდა გამხდარიყო “ბაიერნის” უახლოესი მდევარი, მაგრამ გელზენკირხენელებმა სენსაციურად ქულები შინ უიმედო “კიოლნთან” დაკარგეს. სტუმრები დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებდნენ, რითაც მასპინძლებმა მხოლოდ ორჯერ ისარგებლეს – გოლები ბურგშტალერმა და გელზენკირხენელთა ამომავალმა ვარსკვლავმა ჰარიტმა გაიტანეს, თუმცა, “კიოლნმა” ორივეჯერ შეძლო გათანაბრება გირასის წყალობით, რომელმაც დუბლი შეასრულა – 2:2. ეს ფრე “კიოლნისთვის” მორალურ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ამან ვერ უშველა პეტერ შტიოგერს, რომელიც მატჩის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

ასევე გაუშვა მეორე ადგილზე გადასვლის შანსი “გლადბახმა”, რომელმაც  “ვოლფსბურგთან” სტუმრად უშანსოდ წააგო. როგორც ჩანს, “ბაიერნის” დამარცხება დიდ მსხვერპლს მოითხოვს – ბუნდესლიგაში ბოლო რვა გუნდმა, რომელმაც “რეკორდმაისტერის” ძლევა შეძლო, მომდევნო ტურში გამარჯვება ვეღარ მოახერხა. მათი ბედი “გლადბახმაც” გაიზიარა.

ტურის ფაქტები
-არტურო ვიდალმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. ასეთი რამ, პირველად მოხდა ჩილელის კარიერაში.

– “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე ხუთიდან ხუთი ოფიციალური მატჩი (ბურთების შეფარდება – 16:1) მოიგო მწვრთნელად იუპ ჰაინკესის მისვლის შემდეგ.

– “ჰანოვერს” მიუნხენში ზედიზედ 10 მატჩი აქვს წაგებული.

– ლევანდოვსკი პირველი მოთამაშეა “ბაიერნის” ისტორიაში, ვინც სეზონის პირველ შვიდივე საშინაო მატჩში შეძლო გატანა.

– კევინ ფოლანდმა ზედიზედ მე-4 მატჩში გაიტანა გოლი, რაც მეორედ მოხდა მის კარიერაში.

– “ლევერკუზენი” 9 მატჩია არ მარცხდება, რაც ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა.

– “ლევერკუზენმა” ამ სეზონში ყველა მატჩში მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა

– “დორტმუნდი” 7 მატჩია ბუნდესლიგაში ვერ იგებს – გუნდმა 21 შესაძლებლიდან მხოლოდ 3 ქულა აიღო.

– აუგსბურგელ ფილიპ მაქსს 7 შედეგიანი პასი აქვს სეზონში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგაში.

– “აინტრახტს” სტუმრად ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული – 15.

ანგარიშები:
ფრაიბურგი-ჰამბურგი 0:0
ბაიერნი-ჰანოვერი 3:1 (ვიდალი, 17. კომანი, 67. ლევანდოვსკი, 87-პენ – ბენშოპი, 35)
ჰოფენჰაიმი-ლაიპციგი 4:0 (ამირი, 13, გნაბრი, 52, 62. უტი, 87)
ვერდერი-შტუტგარტი 1:0 (კრუზე, 45)
ლევერკუზენი-დორტმუნდი 1:1 (ფოლანდი, 30 – იარმოლენკო, 73)
მაინცი-აუგსბურგი 1:3 (ჰოლტმანი, 85 – გრეგორიტში, 22. ფინბოგასონი, 43-პენ, 86)
შალკე-კიოლნი 2:2 (ბურგშტალერი, 36. ჰარიტი, 72 – გირასი, 50. 2:2 გირასი, 78)
ჰერტა-აინტრახტი 1:2 (ზელკე, 15 – მ. ვოლფი, 26. კ-პ. ბოატენგი, 80)
ვოლფსბურგი-გლადბახი 3:0 (მალი, 4. დიდავი, 25. გილავოგი, 71)