„ბაიერნი“ ზედიზედ მეშვიდედ გახდა გერმანიის ჩემპიონი
„ბაიერნი“ ზედიზედ მეშვიდედ გახდა გერმანიის ჩემპიონი

გერმანიაში დასრულდა ბუნდესლიგის 2018-19 წლების გათამაშება. ზედიზედ მეშვიდედ გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნი“ გახდა.

ნიკო კოვაჩის გუნდს ფრეც ჰყოფნიდა საკუთარ მოედანზე „აინტრახტის“ წინააღმდეგ, რადგან ასეთ შემთხვევაში, კონკურენტ „დორტმუნდს“ სტუმრად „გლადბახთან“ შეხვედრაში 18-ბურთიანი სხვაობით მოგება დასჭირდებოდა ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი კინგსლი კომანმა გაიტანა. მეორე ნახევრის დასაწყისში „აინტრახტმა“ სებასტიან ჰალერის გოლით გაათანაბრა, მაგრამ ამის შემდეგ „ბაიერნმა“ 25 წუთის ინტერვალით ოთხი გოლი გაიტანა. თავი გამოიჩინეს დავიდ ალაბამ, რენატო სანჩესმა, ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა.

„ბაიერნმა“ 5:1 მოიგო და 78 ქულით დაასრულა ჩემპიონატი. „დორტმუნდმა“ სტუმრად მოუგო „გლადბახს“ და 76 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. მესამეზე გავიდა „ლაიპციგი“.

ბოლო ტურში ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზურს იძლეოდა. მისი მფლობელი „ლევერკუზენი“ გახდა – მან სტუმრად 5:1 გაანადგურა „ჰერტა“.

ევროპის ლიგაზე ითამაშებენ „გლადბახი“, „აინტრახტი“ და „ვოლფსბურგი“.

ბუნდესლიგას დაემშვიდობდნენ „ჰანოვერი“ და „ნიურნბერგი“. ლიგაში დასარჩენ პლეი ოფში ითამაშებს „შტუტგარტი“, რომელიც მეორე ბუნდესლიგის მესამე გუნდს შეხვდება.

გერმანიაში სეზონი 25 მაისს დასრულდება. ბერლინში, გერმანიის თასის ფინალში, „ბაიერნი“ და „ლაიპციგი“ შეხვდებიან ერთმანეთს.