„ბაიერნი“ მზადაა, ტომას მიულერთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, თუ ფეხბურთელი ხელფასის შემცირებას დათანხმდება #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნი“ მზადაა, კლუბის ლეგენდარულ წევრთან, ტომას მიულერთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს, თუ ფეხბურთელი ხელფასის შემცირებას დათანხმდება, – ინფორმაციას „სკაი სპორტის“ გერმანული ბიურო ავრცელებს.
35 წლის მიულერს „რეკორდმაისტერთან“ მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, ხოლო მისი ანაზღაურება სეზონში 20.5 მილიონი ევროა.
ახალი კონტრაქტით, რომელიც 2026 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი, „ბაიერნი“ მას გაცილებით ნაკლებს გადაუხდის, თუმცა კონკრეტული ციფრი ჯერ არ სახელდება.
ტომას მიულერი გერმანული ფეხბურთის გრანდის მთავარი გუნდის ღირსებას 2008 წლიდან იცავს. ამ დროის მანძილზე ის ბუნდესლიგის გამარჯვებული 11-ჯერ გახდა, ასევე ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
„ბაიერნის“ მაისურით ჩატარებულ 730 მატჩში მიულერის ანგარიშზე 247 გოლია.