„ბაიერნი“ კაი ჰავერცს წელიწადში რვა მილიონს სთავაზობს
„ბაიერნი“ კაი ჰავერცს წელიწადში რვა მილიონს სთავაზობს

მიუნხენის „ბაიერნი“ აგრძელებს მუშაობას ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველ კაი ჰავერცის გადაბირებაზე. ამ ინფორმაციას „ტვიტერში“ სპორტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს. წყაროს ცნობით, მიუნხენური კლუბი მზად არის, ზაფხულში ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვით მისი წლიური ხელფასი 8 მილიონი ევრო იქნება.

ჰავერცი ლევერკუზენის „ბაიერის“ აღზრდილია. წლევანდელ სეზონში მან მონაწილეობა ბუნდესლიგის 22 მატჩში მიიღო და ყველა მათგანში სასტარტო შემადგენლობაში იყო. მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემაა. გარდა ამისა, ჰავერცმა ხუთი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა. ლევერკუზენულ კლუბთან მისი კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში.