„ბაიერნი“ ჰალანდით სერიოზულად დაინტერესდა #1TVSPORT
„ბაიერნი“ ჰალანდით სერიოზულად დაინტერესდა #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ფორვარდს ერლინგ ჰალანდს კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი გაუჩნდა. გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, ნორვეგიელით დაინტერესებულია „ბაიერნი“.

გერმანიის ჩემპიონი სირთულეებს განიცდის ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გაგრძელების მხრივ. 33 წლის პოლონელის მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში იწურება და მიუნხენელთა ხელმძღვანელობა მას კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას სთავაზობს. სწორედ ასეთი პოლიტიკა აქვს „ბაიერნს“ 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების მიმართ. კერძოდ, კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებას დათანხმდნენ მეკარე მანუელ ნოიერი და ფორვარდი თომას მიულერი. ამ ფეხბურთელთა ხელშეკრულებებიც 2023 წლის ზაფხულში იწურება.

მაგრამ ლევანდოვსკის სურს, რომ კლუბმა მას ხანგრძლივი კონტრაქტი შესთავაზოს, – იტყობინება „ბილდი“. პოლონელს მიაჩნია, რომ ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს ფეხბურთელის მიღწევები. გარდა ამისა, პოლონელს არ სურს ხელფასის შემცირებაზე წასვლა და წელიწადში 24 მილიონ ევროს ითხოვს. „ბაიერნის“ აზრით, მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმება ასეთი მაღალი ხელფასით – გაუმართლებლად მაღალი რისკია ლევანდოვსკის ასაკის გათვალისწინებით.

ამ ფონზე „ბაიერნმა“ გააძლიერა ინტერესი ჰალანდის მიმართ. როგორც წყარო ამტკიცებს, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა ნორვეგიელის აგენტ მინო რაიოლას.

შეგახსენებთ, რომ თავად ჰალანდს უკვე წამოცდა, რომ ესპანეთში გააგრძელებს კარიერას. როგორც ჩანს, „ბაიერნი“ არ შედის ნორვეგიელის გეგმებში.