„ბაიერნი“ გერმანიის ნაკრებს ბოიკოტით ემუქრება
„ბაიერნი“ გერმანიის ნაკრებს ბოიკოტით ემუქრება

„ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი გერმანიის ნაკრების მატჩების ბოიკოტით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ კლუბის მეკარე მანუელ ნოიერი ეროვნულ ნაკრებში სათადარიგო მოთამაშე გახდება და პირველ ნომერს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს დაუთმობს.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევურიგდებით ამგვარ გადაწყვეტილებას. თუ შეიქმნება მსგავსი სიტუაცია, ჩვენ არ გავაგზავნით საკუთარ ფეხბურთელებს ნაკრებში“, – განაცხადა ჰიონესმა გაზეთ „ბილდთან“ კომენტარში.

გერმანიის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მსგავსი მუქარები არ აღელვებს, რადგან „ბაიერნი“ ფიფას წესების თანახმად არის ვალდებული, თავისი ფეხბურთელები გაუშვას ეროვნულ გუნდში.

ადრე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი აპირებს უახლოესი ორი სანაკრებო მატჩიდან ერთ-ერთში ძირითად შემადგენლობაში ათამაშოს ტერ შტეგენი. გერმანია 9 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩში შეხვდება არგენტინას, 13 ოქტომბერს კი ევრო 2020-ის შესარჩევში – ესტონეთს.