„ბაიერნი“ ფილ ფოდენით ინტერესდება #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა „მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველის, ფილ ფოდენის შეძენას ფიქრობს. გერმანიის ჩემპიონი უკვე დაუკავშირდა ინგლისელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს. ამავდროულად, „სიტი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ფოდენი „ეტიჰადზე“. ამის შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა TEAMtalk-ი.
ამ მომენტისთვის ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ გაააქტიურა ფოდენთან მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე. „მანჩესტერ სიტი“ გათვითცნობიერებულია „ბაიერნის“ მხრიდან ინტერესის შესახებ და ცდილობს, თავიდან აიცილოს პრობლემები და დაარწმუნოს მოთამაშე, გააფორმოს ახალი ხელშეკრულება.
ფოდენი არ არის წინააღმდეგი, დარჩეს მანჩესტერში, მაგრამ ითხოვს პირობების გაუმჯობესებას. წყაროს ცნობით, „სიტის“ ხელმძღვანელობა, დიდი ალბათობით, გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს, რათა შეინარჩუნოს ფეხბურთელი გუნდში.
მიმდინარე სეზონში ფოდენმა ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.