„ბაიერნი“ დანი ოლმოთი ინტერესდება, თუმცა ფეხბურთელს „ბარსელონას“ დატოვება არ სურს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნი“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, დანი ოლმოს შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული, თუმცა ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა.
როგორც გამოცემა Sport-ის ჟურნალისტი კარლოს მონფორტი იუწყება, გერმანული კლუბი კატალონიელებისთვის ოფიციალური შეთავაზების გაგზავნას არ აპირებს, რადგან თავად ფეხბურთელს გუნდის შეცვლის სურვილი არ აქვს.
28 წლის ოლმოს კარიერის გაგრძელება „ბარსელონაში“ სურს და მიუხედავად „ბაიერნის“ ინტერესისა, სხვა კლუბების წინადადებების განხილვას არ გეგმავს.
ესპანელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ 2024 წლის ზაფხულში, „ლაიფციგიდან“ შეუერთდა. მან კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.