ბაჰრეინმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დაამყარეს
ბაჰრეინმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დაამყარეს

ბაჰრეინმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დაამყარეს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მანამაში მოაწერეს, სადაც ისრაელის მაღალი დონის დელეგაცია ვიზიტით იმყოფება.

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბდელ ლატიფ ბენ რაშედ აზ-ზაიანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობა უნდა იქნას მიღწეული.

„გადაწყვეტილება ორი სახელმწიფოს – ისრაელისა და პალესტინის თანაარსებობის შესახებ უნდა იქნას მიღებული საერთაშორისო რეზოლუციებისა და არაბული მშვიდობის 2002 წლის ინიციატივის შესაბამისად“, – აღნიშნა ბაჰრეინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ისრაელის მედიის ცნობით, საერთო ჯამში, მანამაში ხელი მოეწერა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შვიდ მემორანდუმს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ფინანსებში, ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება აშშ-ის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაჰრეინთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას მშვიდობისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯი უწოდა.