ბაღდადში არეულობის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, ერაყის ხელისუფლებამ დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა
ბაღდადში არეულობის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, ერაყის ხელისუფლებამ დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა

ერაყის ხელისუფლებამ ბაღდადში კომენდანტის საათი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის, მუქთადა ალ სადრის მხარდამჭერები დედაქალაქის „მწვანე ზონაში“ მდებარე მთავრობის ოფისში შეიჭრნენ.

როგორც „როიტერი“ წერს, არეულობა ერაყის დედაქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც ალ სადრმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არეულობის შედეგად არის მსხვერპლი. გავრცელებული ინფორმაციით, ალ სადრის მეტოქე პროირანულმა ჯგუფებმა ცეცხლი გახსნეს. ასევე, უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. „ესოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი და დაშავებულია ათობით პირი.

კომენდანტის საათი ბაღდადში ადგილობრივი დროით 15:30 საათიდან შევა ძალაში.

არეულობა იყო ერაყს სამხრეთითაც. ალ სადრის მომხრეებმა საბურავები დაწვეს და გზები გადაკეტეს ბასრას პროვინციაში.

ერაყში საპროტესტო აქციები და პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო,როდესაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. ამასთან, ალ სადრმა უარი განაცხადა პროირანულ შიიტ მეტოქეებთან მოლაპარაკებებზე, რამაც პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა.