ბაგებში, მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ბაგებში, მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე, სადაც ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა, კვლავ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია ბიზნესმენი ლევან კაჭარავა (მეტსახელად „ტილიკა“). ლევან კაჭარავა საქართველოში რამდენიმე კომპანიის მეწილე იყო.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია პოლიციელებს ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. შემთხვევის ადგილზეა ავტომანქანა, რომლითაც ლევან კაჭარავა გადაადგილდებოდა. კაჭარავა „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით თბილისიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. კაჭარავას მძღოლი შემთხვევის დროს არ დაშავებულა და ის გამოკითხვაზე პოლიციაში იმყოფება.

საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, რომ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.