ბადრი ჯაფარიძე - სამშაბათს ბიუროზე ამნისტიის კანონზე იქნება მსჯელობა და ბიუროს სხდომას ჩვენც დავესწრებით
ბადრი ჯაფარიძე - სამშაბათს ბიუროზე ამნისტიის კანონზე იქნება მსჯელობა და ბიუროს სხდომას ჩვენც დავესწრებით

​საპარლამენტო ოპოზიცია სამშაბათს ბიუროს სხდომას დაესწრება. ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსების დღევანდელი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის საპარალამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, კოორდინაციაზე და იმის თაობაზე, რომ სამშაბათს ამნისტიის შესახებ კანონზე იქნება ბიუროზე მსჯელობა.

„რა თქმა უნდა, ბიუროს დავესწრებით. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმაზეც, რომ არც ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ჩვენი ჩართულობის გარეშე არ იქნება განხილული მომავალში. დანარჩენ დეტალებზე ყოველდღიური კონსულტაცია გვექნება და მოგახსენებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ისინი პრეზიდენტისგან მოითხოვენ, რომ ვეტო დაადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს.

„ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა ცალსახად გამოხატეს თავიანთი აღშფოთება ამ კანონპროექტის დაჩქარებულად მიღებასთან დაკავშირებით. წარვადგენთ ჩვენს ალტერნატიულ კანონპროექტს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა დაადოს ვეტო. ასეთი ფორმით, ასე დაჩქარებული წესით ადმინისტრაციული კოდექსში ცვლილების შეტანა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, ახლა უნდა ვიფიქროთ საზოგადოების გამთლიანებაზე; პირიქით, ასეთი ტიპის კანონი აღრმავებს დაპირისპირებას. მინდა, მოვუწოდო პრეზიდენტ ზურაბიშვილს, დაადოს ვეტო ამ კანონპროექტს, რომელიც გუშინ მიიღეს დაჩქარებული წესით და სათანადო ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენი მხრიდან. თუკი ვეტო დაიდება, გაგვიჩნდება შესაძლებლობა, ჩვენი მხრიდან შევთავაზოთ სათანადო ცვლილებები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.