ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ რომ ავიწროებს პრეზიდენტს, აჩვენებს, რომ მისი ამოცანა არ არის, გამოვიყენოთ უნიკალური შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის დაწყების კუთხით
ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ რომ ავიწროებს პრეზიდენტს, აჩვენებს, რომ მისი ამოცანა არ არის, გამოვიყენოთ უნიკალური შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის დაწყების კუთხით

„ქართული ოცნება“ რომ ავიწროებს პრეზიდენტს, აჩვენებს, რომ მისი ამოცანა არ არის, გამოვიყენოთ უნიკალური შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის დაწყების კუთხით, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან საუბრისას.

ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის ძალიან დროული, სწორი; რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ ავიწროებს პრეზიდენტს, არ აძლევს საშუალებას მას, ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვიზიტები უკრაინაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ძალიან ნათლად აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანა არ არის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ, როგორც ქვეყანამ, ეს უნიკალური შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის დაწყების კუთხით. სხვაგვარად მხარს უნდა უჭერდნენ პრეზიდენტის ვიზიტებს ყველა ევროპულ დედაქალაქში, განსაკუთრებით იმ დედაქალაქებში, სადაც ახლა მიიღება სწორედ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ საპირისპირო ნაბიჯებს „ქართული ოცნების“ მხრიდან, კიდევ ერთხელ ხდება იმის დემონსტრირება, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს პირიქით, ბარიერები შექმნას ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებაზეც, რომ არ აპირებს არავის შეწყალებას.

„პრეზიდენტს დაველოდოთ, ჩამოვა და კითხეთ, რას ნიშნავს მისი განცხადება, რადგან წინა განცხადებები განსხვავებული იყო; ამიტომ უნდა დაველოდოთ, რომ ჩამოვა, ალბათ თვითონ განგიმარტავთ, რას გულისხმობდა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების ევროპული მომავალი არ დავიცვა. ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“. სალომე ზურაბიშვილმა მალევე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა: „არა და არასოდეს, არავის ვიწყალებ. მორჩით სპეკულაციებს“.