ბადრი ჯაფარიძე - ნანახი მაქვს პარლამენტის შტურმი 1991 წელს, როდესაც ვიყავი პარლამენტის წევრი, შტურმი იყო ის
ბადრი ჯაფარიძე - ნანახი მაქვს პარლამენტის შტურმი 1991 წელს, როდესაც ვიყავი პარლამენტის წევრი, შტურმი იყო ის

ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენ ასეთი ახალგაზრდა თაობა გვყავს, თაობა, რომელიც არის სავსე პატრიოტიზმით, თავისუფლებით გაჟღენთილი თაობაა, რომელიც არასოდეს დაუშვებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების შელახვის მცდელობას, – აცხადებს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. ამის შესახებ მან განაცხადა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.

„პირველ რიგში, 20 ივნისი ჩემთვის არის ქართველი ხალხის მიერ ოკუპაციისადმი შეუგუებლობის კიდევ ერთი გამოხატულება. ქართველი ახალგაზრდების მხრიდან კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით ოკუპაციას და რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ, რომ ახალგაზრდობას აქვს უზარმაზარი ენერგია, ესენი არიან მართლაც საამაყო პატრიოტები, რომლებიც აუცილებლად იბრძოლებენ ამ ქვეყნის გასამთლიანებლად ყველასთან ერთად.

მე მინდა, პირველ რიგში ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემთვის ეს დღე არის ახალგაზრდობის მხრიდან გამოხატული პროტესტის დღე, პოლიტიკური შეფასებები არის სუბიექტური. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენი ერის შეუგუებლობა ოკუპაციის მიმართ არის ყველაზე მთავარი სწორედ ამ თვალსაზრისით, რომ არასოდეს, არც ერთი ქართველი არ შეეგუება ოკუპაციის ფაქტს და ამიტომ, კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენ ასეთი ახალგაზრდა თაობა გვყავს, თაობა, რომელიც არის სავსე პატრიოტიზმით, თავისუფლებით გაჟღენთილი თაობაა, რომელიც არასოდეს დაუშვებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების შელახვის მცდელობას.

მე ნანახი მაქვს პარლამენტის შტურმი 1991 წელს, როდესაც ვიყავი პარლამენტის წევრი. შტურმი იყო ის. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ არაპროპორციული ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან. რა თქმა უნდა, პოლიციამ უნდა უზრუნველყოს წესრიგი, მაგრამ არაპროპორციული გამოყენების დროს, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რაც ჩვენ ვერ ვნახეთ.

ჩემი აზრით, აბსოლუტურად არ იყო გამართლებული იმ დროს გამოყენება იმ ძალის, როდესაც პრაქტიკულად საფრთხე უკვე აღარ არსებობდა შეჯახებების გაგრძელების. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პროპორციული ძალა არ იყო გამოყენებული და იყო გამოყენებული უკვე მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ იყო. თუმცა, მე ვფიქრობ გამოძიება სრულად არ იქნა ჩატარებული“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, საპოლიციო ძალების წინააღმდეგ იერიშს ადგილი ნამდვილად არ ჰქონია.

„ამას იერიშს ვერ დავარქმევ. იყო ძალისმიერი შეჯახებები სამწუხაროდ, მაგრამ პოლიციის ამოცანაა, რომ წესრიგი უზრუნველყოს. შესაბამისად, თუ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული პოლიციის მხრიდან, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ბრძანება გასცეს. მეორე მხრივ – თუ ვინმემ პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა ან ზიანი მიაყენა, რა თქმა უნდა, მანაც პასუხი უნდა აგოს. აქედან გამომდინარე, აქცენტი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში ჩვენი ახალგაზრდების მიერ პროტესტის გამოხატვის ფაქტზე, ეს არის მთავარი. შემდგომ, რაც მოვლენები განვითარდა, სამწუხაროდ იყო ცალკეული შემთხვევები ფიზიკური დაპირისპირების, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ამან არანაირად არ უნდა დაჩრდილოს ახალგაზრდობის გულწრფელი პროტესტი ოკუპაციის წინააღმდეგ.

რაც შეეხება შტურმს პარლამენტზე, მე თვითონ ვარ მონაწილე სამწუხაროდ პარლამენტის შტურმის, თვითონ შევესწარი 1991 წელს. აქედან გამომდინარე, შტურმი იყო მაშინ, როდესაც დაამხეს ძალის გამოყენებით კანონიერად არჩეული ხელისუფლება. მე შარშან ასეთი შტურმი არ მინახავს, მაგრამ ძალისმიერი დაპირისპირება არის ძალიან ცუდი. მაინც ყოველთვის აცილებული ინდა იქნეს ძალის არაპროპორციული გამოყენება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.