ბადრი ჯაფარიძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩემთან და მამუკა ხაზარაძესთან მიმართებით პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა
ბადრი ჯაფარიძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩემთან და მამუკა ხაზარაძესთან მიმართებით პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ არის გამოკვეთილი პოზიცია, რომ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა 2021 წელს, – აცხადებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, კერძოდ გაუარესებაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

„პოლიტიკური დევნა გაგრძელდა, პოლიტიკური მართლმსაჯულება გაგრძელდა, უკანონო მოსმენები გაგრძელდა, ყველა მხრივ გვაქვს რეგრესი, სამწუხაროდ, ნეგატიური განვითარება და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგი. კერძოდ, იგივე ჩემთან და მამუკა ხაზარაძესთან მიმართებით პირდაპირ არის ხაზგასმით ნათქვამი, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური დევნა, რომელიც სამი წელია, მიმდინარეობს და 2021 წელს გამოვლინდა, რომ მათ შორის ამ დევნის ნაწილი იყო ის, რომ უკანონოდ გვისმენდნენ; კერძოდ, ისმენდნენ ჩემს საუბრებს სასულიერო პირებთან, მამუკა ხაზარაძის საუბრებს ასევე, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ უკანონო მოსმენების პრობლემასთან მიმართებაში. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის მათი ხელდასმით და შესაბამისად, ესეც ანგარიშში არის ასახული. ასე რომ, გვაქვს რეგრესი, პოლიტიკური დევნა, დემოკრატიის ვითარების კიდევ უფრო გაუარესება, თავისუფლების ინდექსის კუთხით გვექნება სამწუხაროდ კვლავ უკან დახევა. ამიტომ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს უარყოფით პროცესები; სამწუხაროდ, მიმდინარეობს კვლავ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მათი უკანონო მოსმენები, მათ მიმართ სხვადასხვა რეპრესიების განხორციელება. კვლავ დავუბრუნდები იმას, რომ პოლიტიკური დევნა ჩემი და მამუკა ხაზარაძის მიმართ, რომელიც დაგვირგვინდა ჩემთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტით, უკანონო მოსმენებით და შესაბამისად, ეს აისახა ჩვენი სტრატეგიული მეგობრის წლიურ ანგარიშში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი