ბაჩუკი ქარდავა ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს
ბაჩუკი ქარდავა ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს. ქარდავას თქმით, მან ესაუბრა გამომძიებელი, რომელსაც განუცხადა, რომ სასმართლოში სურდა დაკითხვა.

„გარკვეული ემოციური მომენტიც არის, რომ იძალადა „ოცნების“ გახარიამ, მისმა უწყებამ და იძიებს ამ საქმეს. მესმის, რომ პროცედურულად ასეა, უბრალოდ, მაინც ჩავთვალე, რომ უფრო სწორი იქნებოდა ჩვენი მხრიდან, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან მომხდარიყო ეს დაკითხვა. ეს ვუთხარი გამომძიებელს, მან ჩათვალა, როგორც ოფიციალური შეტყობინება და დამატებით შემატყობინებს, როდის მივიდე სასამართლოში.

არანაირ სამართალთან ამას საერთო არ აქვს. ყოველი 20 ივნისის შემდგომ გახარიას გამოჩენისას თითქოს შუბლზე აწერია, რომ სამართალთან არ აქვს საერთო“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

შსს-მ ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი დაიბარა გამოკითხვაზე. შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამინისტროში გამოკითხვაზე დღეს არიან დაბარებული. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე.