„აზოვსტალის“ ქარხანაში ბლოკირებული უკრაინის ნაციონალური გვარდიის მებრძოლები მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციას ითხოვენ
რუსეთის ძალების მიერ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში ბლოკირებული უკრაინის ნაციონალური გვარდიის მებრძოლები ხელისუფლებასა და უკრაინის საერთაშორისი პარტნიორებს მიმართავენ და მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ მათ გავრცელებულ ვიდოემიმართვაში განაცხადეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„აზოვსტალში“ მყოფი სამხედროები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულმა სიტუაციამ მეტალურგიულ კომბინატში კატასტროფული ხასიათი შეიძინა.
„მოვუწოდებთ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი სამოქალაქო პირების, დაჭრილი სამხედროებისა და ცხედრების ევაკუაციისთვის. სამხედროების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მოვუწოდებ, განხორციელდეს მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაცია, რადგან ისინი ამას იმსახურებენ“, – აცხადებენ სამხედროები ვიდეომიმართავში.