აზიის ჩემპიონატის შემდეგ „დინამოში“ - თბილისელებმა ტაჯიკეთის ნაკრების ფეხბურთელი შუქუროვი დაიმატეს #1TVSPORT
აზიის ჩემპიონატის შემდეგ „დინამოში“ - თბილისელებმა ტაჯიკეთის ნაკრების ფეხბურთელი შუქუროვი დაიმატეს #1TVSPORT

ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ალიშერ შუქუროვი კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს, – ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი, ალიშერ შუქუროვი „დინამო თბილისს“ შეუერთდა. დედაქალაქურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. შუქუროვმა სამედიცინო შემოწმება თბილისში გაიარა და „დინამოს“ სიდეში, საწვრთნელი შეკრების მეორე ეტაპზე შეუერთდება.

ალიშერ შუქუროვი ტაჯიკური კლუბის, „კუკტოშის“ აღზრდილია და თბილისურ გუნდში გადმოსვლამდე ამ კლუბის ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში ყველა პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს.

შუქუროვი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში წელს მიიწვიეს და აზიის თასზე იასპარეზა. კატარში მიმდინარე ტურნირზე, ალიშერმა ნაკრებთან ერთად მეოთხედფინალში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მან ხუთივე მატჩი ძირითადი შემადგენლობაში დაიწყო. მერვედფინალურ დაპირისპირებაში კი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა.

საერთო ჯამში – ალიშერ შუქუროვს ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებში ექვსი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამასთან ერთად, ახალგაზრდა ნახევარმცველს ტაჯიკეთის 23-წლამდე ნაკრებში 3 მატჩი აქვს გამართული“, – წერია „დინამო თბილისის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.