აზერბაიჯანული გამოცემა - შეხვედრამ საქართველოს გეგმის მიხედვით ჩაიარა #1TVSPORT
აზერბაიჯანული გამოცემა - შეხვედრამ საქართველოს გეგმის მიხედვით ჩაიარა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ევრო 2022-ზე სადებიუტო შეხვედრაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბევრად გამოცდილი აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

გამოცემა „აზერისპორტმამა“ მატჩს წერილი მიუძღვნა – „აზერბაიჯანის ნაკრებმა ევრო 2022 ყველაზე არასასურველი შედეგით დაიწყო“.

სტარტი, რომელიც ფინიშს ჰგავს

„საქართველოს ნაკრებთან პირველ ტურში მარცხმა პლეი-ოფში ხოსე ალესიოს გუნდის გასვლის შანსები მნიშვნელოვნად შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ფინალური ეტაპის დებიუტანტია, აზერბაიჯანის ნაკრებს თანაბარ დონეზე ეთამაშებოდა, ხშირად უკეთესადაც გამოიყურებოდა.

მთლიანობაში შეხვედრამ მეტოქის გეგმის მიხედვით ჩაიარა. მატჩის უმეტესი ნაწილი თამაშის ტემპსა და მიმდინარეობას საქართველოს ნაკრები კარნახობდა. მაშინაც კი, როცა აზერბაიჯანის ნაკრები დაწინაურდა და შემდეგ გააორმაგა. მაგრამ ამ გოლებმა არ მოგატყუოთ: ისინი რაფაელ ვილელას ინდივიდუალური მოქმედებების შედეგი იყო. შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ თუ „მილი“ (აზერბაიჯანის ნაკრების ზედმეტსახელია) არ მოუმატებდა, გამარჯვების შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა.

ამიტომაც პირველი ტაიმის შუაში საქართველოს გოლი მოულოდნელი არ ყოფილა. შესვენების შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრები ცოტა გამოცოცხლდა და მეორე ტაიმის სტარტმა მეტოქის წნეხის ქვეშ ჩაიარა. მეორე ტაიმში ისევ მეტოქე თამაში პირობებს უბურთოდაც კარნახობდა, ალესიოს გუნდი რაღაცის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. პირიქით, პენალტი აიკიდეს. რისი წყალობითაც ქართველებმა საბოლოოდ „ქამბეკი“ განახორციელეს.

დამარცხება დამსახურებული იყო. ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ შეიძლება უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ მატჩის წინ „მილიმ“ სერიოზული დანაკარგები განიცადა, როდესაც გალოს და როვშან ჰუსეინლის COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს. დიახ, ემინ ქურდოვმა შესანიშნავად შეცვალა ჰუსეინლი, მაგრამ შემცირებულმა შემადგენლობამ (12 მოთამაშე 14 მეტოქის წინააღმდეგ) უფრო სწრაფი ფიზიკური გამოფიტვა გამოიწვია. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მოთამაშე, მაგალითად, გალო, დიდი დატვირთვისას ზედმეტი აშკარად არ იქნებოდა.

აზერბაიჯანის ნაკრების მიერ დემონსტრირებული თამაში მეტის იმედს არ გვიტოვებდა – პასებში ხარვეზები და ურთიერთგაგების სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა. საქართველოს ნაკრებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის დაუმარცხებელ გუნდს არ ჰგავდა. მაგრამ „მილიმ“ ისე ითამაშა, რომ წარმატებული შედეგის მიღწევის საშუალება არ მისცა და მეტოქემ ამით მაქსიმალურად ისარგებლა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში დანაკლისი დამარცხების საბაბია (და რომლის სხვადასხვა ვარიაციები ეროვნული ნაკრების რიგებიდან ჯერ კიდევ ევრო 2022-ის დაწყებამდე ჟღერდა), ეს ფაქტორი არსებობდა. სხვათა შორის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უეფა ნატურალიზებულ ბრაზილიელ ფელიპინიოს, ისევე როგორც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვილიანს მატჩებზე არ დაუშვებს, არ გამართლდა.

როდესაც საქმე გამართლებას ეხება, მსაჯობის იგნორირება შეუძლებელია. უცნაური იყო, მაგალითად, პენალტის დროს კურიოზული სიტუაცია. „მილის“ ერთ-ერთმა ფუტსალელმა ხელით პირველად ითამაშა და ეს მსაჯმა შენიშნა. რიზვან ფარზალიევმა ეს სრულიად შემთხვევით გააკეთა – დარტყმაში თამაშისას ბურთი ხელზე მოხვდა. ამასთან, ქართველი ფუტსალისტების მსგავსი ქმედება მსაჯს არ შეუმჩნევია. არადა, რამდენჯერმე ბურთით ისე თამაშობდნენ, თითქოს კალათბურთელები იყვნენ. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში იყო.

რაც არ უნდა იყოს, შედეგი არ შეიცვლება. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი არ იყო წაგების მიზეზი. შეტევების დასრულებასა და კარში დარტყმებში ჩვენი ნაკრების მაჩვენებლები მოწინააღმდეგეზე ორჯერ ნაკლები აღმოჩნდა – ჩვენი 8 საქართველოს 18-ის წინააღმდეგ, სახიფათო მომენტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

დამარცხება იმას ნიშნავს, რომ „მილის“ ჯგუფიდან გასვლის თითქმის არანაირი შანსი არ რჩება. ამისთვის ესპანეთთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მომდევნო ორ მატჩის მოგება იქნება საჭირო. ან თუნდაც ესპანეთთან რომ არ წავაგოთ და ბოსნია-ჰერცეგოვინა დავამარცხოთ იმის იმედად, რომ პირენეელები საქართველოსთან დამარცხდებიან.

ბოსნიელების დამარცხება რეალურია, მაგრამ ესპანელების ძლევა სასწაული იქნება. მითუმეტეს ისეთი თამაშით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ვნახეთ. ამავე დროს, ვითარება ისეთია, რომ გახსნითი თამაში შესაძლოა ბოლო იყოს, თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანის ნაკრების პლეი-ოფში გასვლის უკიდურესად მცირე შანსებს.“